Binance-ზე ამბობენ, რომ კრიპტოვალუტის კრახი კარგია — რატომ
Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი კრიპტო ბაზარს ურყევ რწმენას უცხადებს, თუმცა გეყოფათ რწმენა ამ ბაზარზე წარმატების მისაღწევად?
მოცულობით მსოფლიოში უდიდესი კრიპტო ბირჟის სათავეში მყოფი კაცის — Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი ჩანგფენგ (CZ) ჭაოს — თქმით, "დათვის ბაზარი" დადებითი და ჯანსაღი რამაა კრიპტო ბაზრისთვის.
"ფასის ცვლილებები რეალურად კარგია", — აღნიშნა ჭაომ და ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ კრიპტო ინდუსტრია ჯერ კიდევ ახალია და, შესაბამისად, ჩავარდნები და ღირებულების დაკარგვა ინდუსტრიის ზრდის თანმდევი ტკივილებია.
Binance-ის CEO ერთადერთი არ არის, ვინც ამგვარად ფიქრობს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა კრიპტო ინვესტორმა აქტივობა სრულიად შეწყვიტა, სხვებმა, ჩანგფენგის ჩათვლით, გამოხატეს თავიანთი ურყევი რწმენა კრიპტო ინდუსტრიისადმი.
"კრიპტო ძალიან ახალია", — თქვა ჭაომ და აღნიშნა, რომ ინვესტორებმა "ზამთარს უნდა გაუძლონ" და შეაფასონ კრიპტოს ღირებულება არა მისი ფასით, არამედ იმით, თუ რა რაოდენობის ადამიანი იყენებს, ყიდულობს და ვაჭრობს კრიპტოვალუტით.
თუმცა, სწორედ ამ აზროვნებამ მიიყვანა ბევრი ადამიანი ფინანსურ გაკოტრებამდე. რა თქმა უნდა, ტრადიციულ აქტივებთან შედარებით, კრიპტოსფერო განვითარების ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ იმ აზრმა, რომ ბრმა რწმენა უბრალოდ ამ ყველაფრის ნაწილია, უკვე უამრავი ზიანი მიაყენა მცირე ინფორმაციის მქონე ინვესტორებს.
შესაბამისად, თუკი კრიპტო ბაზარზე ინვესტირებას გადაწყვეტთ, პირველ რიგში, კარგად უნდა გარკვიოთ მასში, რადგან წამოწყებები, ინფორმაციის შესწავლის გარეშე, ხშირ შემთხვევაში, წარუმატებლად სრულდება ხოლმე.
კომენტარები