Google 6 ოქტომბერს ახალ პროდუქციას წარადგენს — რას უნდა ველოდოთ
გავრცელებული ინფორმაციით, Google თავისი ბრენდის სრულიად ახალ პროდუქტებს — Pixel-ის პირველ ჭკვიან საათს, პლანშეტსა და კეცვად მობილურს წარადგენს.
შემდეგ კვირას Google ძალიან დიდ ღონისძიებას მართავს. ის წარადგენს არა მარტო ახალი თაობის Pixel 7-სა და Pixel 7 Pro-ს, არამედ, როგორც ჩანს, Google მზადაა, გამოუშვას თავისი პირველი ჭკვიანი საათიც. ღონისძიება 6 ოქტომბერს გაიმართება და მომხმარებლები კომპანიისგან ბევრ სიახლეს ელიან.
Pixel 7 და Pixel 7 Pro
არავის ეპარება ეჭვი, რომ მომავალ კვირას Pixel Watch-თან ერთად მთავარი განსახილველი თემა Pixel 7 და Pixel 7 Pro იქნება. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, Pixel 7 თავის წინამორბედ მოდელებთან შედარებით უფრო მოკლე და კომპაქტური იქნება, ხოლო დისპლეი 6.8-დუიმიანი გახდება.
გამომდინარე იქიდან, რომ Google ახლა უკვე საკუთარ ჩიპებს აწარმოებს, ამიტომ დიდია მოლოდინი, რომ ახალ Pixel 7-ს Google-ის მეორე თაობის Tensor 2 ექნება. ჯერ უცნობია, რამდენად მძლავრია ეს ჩიპი იმ Tensor-ზე, რომელიც Pixel 6-ში გვხვდება. კამერის მხრივ დიდი ცვლილებები, როგორც ჩანს, არ იქნება. Pixel 7 Pro-ს, სავარაუდოდ, კამერის ზუსტად ის სისტემა ექნება, რაც Pixel 6 Pro-ს ჰქონდა. თუმცა ჩვეულებრივ Pixel 7-ს ექნება 6 Pro მოდელის კამერის ზოგიერთი გაუმჯობესებული მახასიათებელი, მაგალითად, 11-მეგაპიქსელიანი სელფის კამერა. Pixel 7 და Pixel 7 Pro-ს ფასები შესაბამისად დაიწყება $600-დან და $900-დან.
Pixel Watch
ოქტომბრის ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სიახლე Google-ის პირველი ჭკვიანი საათი Pixel Watch იქნება. ამ პროდუქტზე კომპანია უკვე წლებია, მუშაობს. უნდა აღინიშნოს, რომ Google ბოლო რვა წელია Wear OS-ს (Google-ის ანდროიდის ოპერაციული სისტემა განკუთვნილი ჭკვიანი საათებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობებისთვის) ავითარებს, მაგრამ საკუთრივ საათებს — არა.
Google-ის ბრენდირებული ანდროიდის მობილურების Nexus-ის აპარატულ უზრუნველყოფას საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე სხვა კომპანიები — HTC, LG და Samsung — აწარმოებდნენ. მხოლოდ 2016 წელს — ანდროიდ 1.0.-ის პირველი გამოშვებიდან 8 წლის შემდეგ — Google-მა საკუთარი Pixel სმარტფონი გამოუშვა. როგორც ჩანს, პირველი ჭკვიანი საათიც განვითარების იმავე გზას ადგას.
კომპანიიდან გაჟონილი ინფორმაციით, ჭკვიან საათს თავისი ავთენტური დიზაინი ექნება და Google არ გაიმეორებს იმ მახასიათებლებს, რომლებიც Apple Watch-ში ან Samsung’s Galaxy Watch-ში გვხვდება. Google-ის საათებს მრგვალი ფორმა ექნებათ; დიზაინი მაქსიმალურად მინიმალისტური იქნება და მეტად დაემსგავსება ტრადიციულ, ვიდრე ტექნიკურ საათს. საათზე Wear OS-ის უახლესი ვერსია იქნება დაყენებული და მასზე Google-ის უამრავი აპი და მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი. მათ შორისაა — Google Wallet, Google Maps, Google Assistant და Google Home. ჭკვიანი საათი ადამიანის ჯანმრთელობაზე კონცენტრირდება — ის განახორციელებს თქვენი აქტივობების, ძილისა და გულისცემის მონიტორიგნს.
წაიკითხეთ ასევე: ასეთი იქნება Pixel Watch — გუგლმა ვიდეო გაამჟღავნა
Pixel Tablet
მაისში, I/O კონფერენციაზე Google-მა განაცხადა, რომ ის სერიოზულადაა დაინტერესებული, პლანშეტები გამოუშვას და პირველი Pixel პლანშეტი დააანონსა.
როგორც ჩანს, Google-ს სურს Apple-ისა და Samsung-ის მსგავსად საკუთარი ბრენდის, Pixel-ის, მოწყობილობების ეკოსისტემა შექმნას. ახალ Pixel პლანშეტს Google-ის Tensor ჩიპი ექნება და, კომპანიის განცხადებით, ის Pixel-ების ოჯახში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს.
Pixel Fold
სხვადასხვა წყაროდან გავრცელებული ინფორმაციით, Google მომვალ კვირას უამრავ სიახლესთან ერთად თავის პირველ კეცვად მობილურსაც წარადგენს.
ცნობილია, რომ Google მსგავს პროდუქტზე უკვე კარგა ხანია, მუშაობს, თუმცა უცნობია, ამ პროდუქტის წარდგენას მომავალ კვირას მოასწრებენ თუ დამატებითი დრო სჭირდებათ, რათა მისი დამზადება დაასრულონ.
რაც არ უნდა იყოს, მომავალი კვირა ძალიან საინტერესო სიახლეებით იქნება დატვირთული. მართალია, ბევრი უცნობი და დაუზუსტებელი ფაქტია ოქტომბრის ღონისძიების ახალ პროდუქტებზე, მაგრამ ერთი რამ ცხადია — Google-საც Apple-ისა და Samsung-ის მსგავსად საკუთარი ბრენდის მოწყობილობების ერთიანი ეკოსისტემის შექმნა სურს.
კომენტარები