რატომ გვაქვს ნეანდერტალელების გენები და როგორ გადაშენდნენ ისინი — რა ვიცით
ნეანდერტალელები პირველად 1856 წელს აღმოაჩინეს და მას შემდეგ მათზე საუბარი არ წყდება. ის, რაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვიცით მათ შესახებ, ჩამოყალიბდა ჩვენს კულტურულ ტენდენციებზე, სოციალურ ნორმებსა და სამეცნიერო სტანდარტებზე. თავიდან მათ როგორც პრიმიტიულ არსებებს ისე აღვიქვამდით, მაგრამ დროსთან ერთად ეს ყველაფერი შეიცვალა.
ჩვენ ახლა ვიცით, რომ ნეანდერტალელები ძალიან გვგავდნენ და ოდესღაც მათ ჩვენი სახეობა შეხვდა კიდევაც. მაგრამ რატომ გადაშენდნენ ისინი, როდესაც ჩვენ გადავრჩით და განვვითარდით?
ნეანდერტალელები 400 000 წელზე მეტი ხნის წინ გაჩნდნენ. სავარაუდოდ, მათი წინაპარი ჰომო ჰეიდელბერგენსი უნდა ყოფილიყო. ნეანდერტალელები წარმატებით გავრცელდნენ ხმელთაშუა ზღვიდან ციმბირამდე. ისინი იყვნენ საკმაოდ ჭკვიანები და მათი ტვინები საშუალოდ ჰომო საპიენსისაზე უფრო დიდი იყო.
ისინი ნადირობდნენ მსხვილ ნადირზე, აგროვებდნენ მცენარეებს, სოკოებს და ზღვის პროდუქტებს, იყენებდნენ ცეცხლს საჭმელად, ამზადებდნენ კომპოზიციურ ხელსაწყოებს, ტანსაცმელს ცხოველების ტყავისგან და მძივებს. მეტიც, ისინი გამოქვაბულის კედლებზე სიმბოლოებსაც კვეთდნენ. ისინი ზრუნავდნენ თავიანთ პატარებზე, მოხუცებსა და სუსტებზე. ქმნიდნენ თავშესაფრებს, ცხოვრობდნენ მკაცრი ზამთრის პირობებში და მარხავდნენ მიცვალებულებს.
ათობით ათასი წლის განმავლობაში ნეანდერტალელები ჩვენს წინაპრებს არაერთხელ შეხვდნენ და ეს ორი სახეობა იზიარებდა ევროპის კონტინენტს მინიმუმ 14 000 წლის განმავლობაში. ჩვენ ვიცით, რომ ეს ორი სახეობა შეწყვილდნენ კიდეც ერთმანეთთან.
სახეობის სიკვდილი
ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება ნეანდერტალელებსა და ჩვენს შორის არის ის, რომ ისინი გადაშენდნენ დაახლოებით 40 000 წლის წინ. მათი დაღუპვის ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ არ ვიცით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობის შედეგია.
ერთი ის ფაქტორია, რომ ბოლო გამყინვარებისას კლიმატი ძალიან ცვალებადი იყო, ცივიდან თბილზე და ისევ უკან გადადიოდა, რაც ცუდად მოქმედებდა ცხოველური და მცენარეული საკვების წყაროებზე. ეს ნიშნავდა, რომ ნეანდერტალელებს მუდმივად უწევდათ გარემოს ცვლილებასთან ადაპტაცია. მეორე ის იყო, რომ ნეანდერტალელთან პოპულაცია არც ისე დიდი იყო და მათი რაოდენობა 10 000-ს არ აღემატებოდა.
ისინი ცხოვრობდნენ ჯგუფებად, დაახლოებით 5-დან 15 ინდივიდამდე. ჰომო საპიენსთან შედარებით, რომლებსაც ჯგუფში 150-მდე ინდივიდი ჰყავდათ, ეს ცოტაა. ნეანდერტალელების ეს მცირე იზოლირებული პოპულაციები შესაძლოა გენეტიკურად სულ უფრო და უფრო არამდგრადი ხდებოდა.
მესამე, იყო კონკურენცია სხვა მტაცებლებთან, განსაკუთრებით თანამედროვე ადამიანების ჯგუფებთან, რომლებიც აფრიკიდან დაახლოებით 60 000 წლის წინ გამოჩნდნენ. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ბევრი ნეანდერტალელი შესაძლოა ასიმილირებული იყოს ჰომო საპიენსის უფრო დიდ ჯგუფში.
სად არის მტკიცებულება?
ნეანდერტალელებმა დიდი კვალი დატოვეს. ბოლო 150 წლის განმავლობაში ჩვენ შევაგროვეთ ნამარხი ძვლები, ქვის და ხის ხელსაწყოები, ვიპოვეთ მათ მიერ დატოვებული წვრილმანები და სამკაულები, აღმოვაჩინეთ სამარხები და ახლა დავაფიქსირეთ მათი გენომი უძველესი დნმ-დან. აღმოჩნდა, რომ ნეანდერტალელი და თანამედროვე ადამიანის დნმ-ის 99,7 პროცენტი იდენტურია და ისინი ჩვენი უახლოესი გადაშენებული ნათესავები არიან.
ალბათ ყველაზე გასაკვირი ფაქტი იყო შეჯვარების მტკიცებულება, რომელმაც დღეს ცოცხალ ადამიანებში დნმ-ის კვალი დატოვა. ბევრ ევროპელსა და აზიელს აქვს ნეანდერტალელის დნმ 1-დან 4 პროცენტამდე, ხოლო საჰარას სამხრეთით მყოფ აფრიკელებს თითქმის ნული. ამჟამინდელი მსოფლიო მოსახლეობა დაახლოებით 8 მილიარდი ადამიანია, ირონიულია, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ დედამიწაზე არასოდეს ყოფილა ამდენი ნეანდერტალელის დნმ.
ნეანდერტალელის გენომი ასევე გვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი. არსებობს მტკიცებულება, რომ ზოგიერთ ნეანდერტალელს გაუჩნდა ფერმკრთალი კანი და წითელი თმა ჰომო საპიენსამდე დიდი ხნით ადრე. მრავალი გენი, რომლებიც საერთოა ნეანდერტალელებსა და თანამედროვე ადამიანებს შორის, დაკავშირებულია ყველაფერთან, დაწყებული მწარე საკვების გასინჯვის უნარით, დამთავრებული ლაპარაკის უნარებამდე.
არის სხვა ფაქტორებიც. მაგალითად, ნეანდერტალელის ზოგიერთი დნმ, რომელიც შესაძლოა სასარგებლო ყოფილიყო ადამიანებისთვის ათობით ათასი წლის წინ, ახლა, როგორც ჩანს, იწვევს პრობლემებს თანამედროვე დასავლურ ცხოვრების წესთან ერთად. არსებობს კავშირი ალკოჰოლიზმთან, სიმსუქნესთან, ალერგიასთან, სისხლის შედედებასთან და დეპრესიასთან. ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ნეანდერტალელების უძველესი გენის ვარიანტმა შესაძლოა COVID-19-ით დაინფიცირების შედეგად გართულებების რისკი გაზარდოს.
სარკეში
დინოზავრების მსგავსად, ნეანდერტალელებმაც არ იცოდნენ რა შეიძლება მომხდარიყო. განსხვავება ისაა, რომ დინოზავრები მოულოდნელად გაუჩინარდნენ კოსმოსიდან გიგანტური მეტეორიტის დარტყმის შემდეგ. ნეანდერტალელების შემთხვევაში გადაშენება თანდათანობით მოხდა. მათ საბოლოოდ დაკარგეს სამყარო, კომფორტული გარემო, რომელშიც არსებობდნენ ათასობით წლის განმავლობაში.
ამ თვალსაზრისით, ნეანდერტალელები ახლა სხვა მიზანს ემსახურებიან. ჩვენ მათში ვხედავთ ჩვენს ანარეკლს. მათ არ იცოდნენ, რა ხდებოდა მათ თავს და მიჰყვნენ გზას, რომელმაც საბოლოოდ გადაშენებამდე მიიყვანა ისინი. ჩვენ, მეორე მხრივ, მტკივნეულად ვაცნობიერებთ ჩვენს მდგომარეობას და გავლენას, რაც გვაქვს პლანეტაზე.
ადამიანის საქმიანობა ცვლის კლიმატს და პირდაპირ მეექვსე მასობრივ გადაშენებამდე მივყავართ. სხვა არსებებისგან განსხვავებით, ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ იმ მოცემულობაზე, რომელშიც ჩვენ თვითონ მოვხვდით და შეგვიძლია რაღაცის გაკეთება.
თუ არ გვსურს, ნეანდერტალელებისა და დინოზავრების ბედი გავიზიაროთ, ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ უფრო მდგრადი მომავლისთვის. ნეანდერტალელების გადაშენება გვახსენებს, რომ არასოდეს არ უნდა მივიღოთ ჩვენი არსებობა თავისთავადად. ჩვენ ყველანი გარემო პირობებზე ვართ დამოკიდებულნი.
კომენტარები