მსოფლიოში ყველაზე დაცული საკომუნიკაციო პლატფორმა შეიძლება, ფასიანი გახდეს?
კომპანიის ისტორიაში პირველად, პლატფორმის პრეზიდენტი აღარ იქნება მისი დამფუძნებელი
რვა წლის წინ Signal-ის დაარსებიდან დღემდე პლატფორმის სახედ მისი დამფუძნებელი მოქსი მარლინსპაიკი ითვლებოდა. ამა წლის იანვარში მან განაცხადა, რომ კომპანიის CEO-ს პოზიციის დატოვებას აპირებს. ამ დროიდან მოყოლებული მის შემცვლელს ეძებდნენ და ორშაბათს კომპანიამ განაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტი დიდი ტექ კომპანიების მწვავე კრიტიკოსი მერედით უაიტტაკერი იქნება.
გამოქვეყნებულ ბლოგში უაიტტაკერმა განაცხადა, რომ ის ფოკუსირდება "სიგნალის სტრატეგიაზე, ფინანსურ სტაბილურობაზე, პლატფორმის კომუნიკაციების გაფართოებასა და ზრდაზე და, რადაც არ უნდა დაუჯდეს, აპლიკაციისა და ორგანიზაციის მოძლიერებაზე". Washington Post -სთან საუბრისას მან თქვა, რომ პლატფორმა შესაძლოა, ფასიანი გახდეს — ადამიანებს არ უნდა დაენანოთ, გადაიხადონ ფული მსოფლიოში ყველაზე დაცული და კონფიდენციალური პლატფორმის გამოსაყენებლად.
"სიგნალის მსგავსი აპლიკაციის ფუნქციონირებისთვის ყოველწლიურად ათობით მილიონი დოლარი იხარჯება", — განაცხადა მან. ბოლო წლებში სიგნალი კომერციულ ზეწოლას WhatsApp-ის დამფუძნებლისა და პლატფორმის დროებითი ხელმძღვანელის ბრაიან აქტონის მიერ გაცემული $50 მილიონიანი სესხის დახმარებით უძლებდა. მართალია, არ არის მკაფიო მტკიცებულება, რომ პლატფორმა ფინანსურ კრიზისშია, თუმცა ახალი პრეზიდენტი ხსნის, თუ რატომაა აუცილებელი მისი გამოყენებისთვის ფასის დაწესება.
სიგნალის გარდა ყველა სხვა პრლატფორმა (მათ შორის, WthatsApp-იც) სრულად არაა დაცული და შესაძლებელია პირადი მიმოწერის გარკევული დეტალების ნახვა. ნებრასკას ქალთან დაკავშირებული Facebook-ის ქეისის შემდეგ (როდესაც ცნობილი გახდა, რომ პლატფორმა სამართალდამცველებს ადამიანთა პირად მონაცემებს აწვდის), კომპანიისადმი ნდობა საგრძნობლად შემცირდა. ამის ფონზე, როგორც წესი, ადამიანებში ყველაზე პოპულარული საკომუნიკაციო საშუალება სიგნალი უნდა იყოს, თუმცა, WaPo-ს მიხედვით, ის სულ 150 მილიონჯერ გადმოწერეს, რაც მარტო WhatsApp-თან შედარებითაც (2 მილიარდი) ძალიან მცირეა.
გაეცანით ასევე: რა რისკებს შეიცავს Messenger-ში მიმოწერა — Facebook გამომძიებელთა მთავარ იარაღად იქცა
უაიტტაკერი აღნიშნავს, რომ სიგნალის ალტერნატივა არის დიდი დაბრკოლება ტექ კომპანიების მიერ პოტენციურად საშიში AI-ის განსავითარებლად, რადგან ამ უკანასკნელისთვის აუცილებელია დიდი მოცულობის მონაცემები, სიგნალი კი, Google-ისა და Meta-სგან განსვავებით, მას არ აგროვებს.
უაიტტაკერი წლების მანძილზე ეწინააღმდეგებოდა ხელოვნური ინტელექტის არასოციალური მიზნით გამოყენებას. ის 13 წლის განმავლობაში მუშაობდა Google-ში და ეწინააღმდეგებოდა პროექტ “Project Maven-ს" — დრონების განსავითარებლად Google-ისა და პენტაგონის კოლაბორაცია. მან ტექ გიგანტი 2019 წელს დატოვა. 2020 წელს კი სიგნალის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. დღეს ის უკვე პრეზიდენტია.
უაიტტაკერი აღნიშნავს, რომ მისი მიზანი იქნება ადამიანების დარწმუნება, რომ დონაციის სახით ფული გაიღონ სიგნალისთვის. სიგნალი არ იქნება ფასიანი, თუმცა ღია იქნება შემოწირულობებისთვის.
ვფიქრობ, რომც გახდეს პლატფორმა ფასიანი, არავის უნდა დაენანოს მასში ფულის გადახდა. ეს ხომ ყველაზე კონფიდენციალური და დაცული პლატფორმაა მსოფლიოში, სადაც ჩვენი პირადი მონაცემები ნებისმიერ დროს შეიძლება, სხვის ხელში აღმოჩნდეს. ამქვეყნად არაფერია უფასო — Facebook, Instagram, Telegram და სხვა პლატფორმებიც კი, რომლებიც, თითქოსდა, უფასოა, რეალურად უფრო ძვირი გვიჯდება. ისინი ჩვენს პირად მონაცემებს აგროვებენ, ჰყიდიან და შემდეგ სხვა კომპანიები, ისევ ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობით, დათარგეთებულად ეწევიან მარკეტინგს, რათა გვაყიდინონ პროდუქტი, რომელიც შესაძლოა, სრულებითაც არაფერში დაგვჭირდეს. ამიტომ, ჩემი აზრით, თვეში ერთი დოლარის გაღება, რათა საკუთარი მონაცემები, გრძნობები, აზრები, ფიქრები სხვებისგან დაფარული, დაცული იყოს, არუნდა იყოს ტრაგედია.
გაეცანით ასევე: რატომაა სიგნალი ყველაზე დაცული საკომუნიკაციო საშუალება მსოფლიოში?
კომენტარები