ძლიერი რწმენა სექსუალური კმაყოფილების მაღალ დონესთანაა დაკავშირებული — კვლევა
ახალი კვლევის თანახმად, რაც უფრო მორწმუნეა ადამიანი, მისი სექსუალური კმაყოფილების დონე მით უფრო მაღალია. ეს იმის მიუხედავად, რომ ისინი ხშირად სექსისგან თავს იკავებენ, სანამ, მაგალითად, ოჯახს არ შექმნიან.
საქმე იმაშია, რომ, მეცნიერთა თქმით, სიცოცხლის განმავლობაში არცერთი ან ბევრი სქესობრივი პარტნიორის ყოლა სექსუალური კმაყოფილების დაბალ დონეს უკავშირდება ისევე, როგორც შემთხვევითი ან უსიყვარულო სექსი, ქალებშიც და კაცებშიც. ეს ნიშნავს, რომ ფიზიკური ურთიერთობების სიხშირესა და კმაყოფილებას შორის პირდაპირი დამოკიდებულება არ არსებობს. ამას სპეციალისტები 18-დან 59 წლის ასაკამდე ადამიანების მონაცემებზე დაყრდნობით ასკვნიან.
აღმოჩნდა, რომ მეტად რელიგიურ დაოჯახებულ ქალებში სექსუალური კმაყოფილება უფრო მაღალია, ვიდრე ნაკლებად მორწმუნეებში. კაცებში მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა.
გამოკითხულთაგან კაცების 11%-ისა და ქალების 16%-ის განცხადებით, რელიგია მათთვის მნიშვნელოვანია. რესპონდენტების 2/3 არასდროს ან თითქმის არასდროს დასწრებია რელიგიურ ცერემონიას. მონაწილეთა ნახევარი დაოჯახებული იყო, 17% პარტნიორთან ერთად ცხოვრობდა, მეხუთედს კი სტაბილური პარტნიორი არ ჰყავდა.
ბოლო 4 კვირაში საშუალოდ კაცებს უფრო ხშირად ჰქონდათ სექსი, ვიდრე ქალებს (4.4/4.0). მათი მეოთხედის თქმით, საკუთარი სქესობრივი ცხოვრებით კმაყოფილნი არიან, ქალების 14%-მა და კაცების 17%-მა საპირისპირო პასუხი დააფიქსირა.
"შესაძლოა, რომ ცოლ-ქმრული სექსის სიწმინდესთან დაკავშირებული რელიგიური სენტიმენტები, ასევე, ქორწინების გარეშე სექსზე უარის თქმა, ქალების სექსუალური კმაყოფილებისთვის უფრო მნიშვნელოვანია", — ამბობენ ავტორები.
კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ძალზე განათლებულ ადამიანებს სხვებთან შედარებით ნაკლები სექსი და სექსუალური კმაყოფილების დონე აქვთ. ახალი ნაშრომი გამოცემაში The Journal of Sex Research გამოქვეყნდა.
კომენტარები