კანადელმა ხელოვანმა და ფოტოგრაფმა ფრანსუა ბრუნელმა თავისი ორეული ინგლისელი მსახიობის, როვან ატკინსონის ნახვით შთაგონებულმა 1999 წელს დაიწყო ორეულების ფოტოების შეგროვება ფაილში, რომელსაც ჰქვია "მე არ ვარ ორეული!"

პროექტი ვირუსულად გავრცელდა სოციალურ მედიასა და მთელს ინტერნეტში. საინტერესოა, რომ მან გენეტიკის შემსწავლელ მეცნიერთა, კერძოდ, მანელ ესტელერისა და იოზეფ კარერას, ყურადღებაც მიიპყრო.

The New York Times-ის მიხედვით, ესტელერი ადრე შეისწავლიდა იდენტური ტყუპების ფიზიკურ მახასიათებლებს და სურდა, საპირისპირო შემთხვევაც შეესწავლა, ანუ იმ ადამიანების, რომლებიც არ არიან ტყუპები, მაგრამ ერთმანეთს ჰგვანან. "მას სულ აინტერესებდა, რა ახსნა აქვთ ამ ადამიანებს?"

ესტელერმა და მისმა გუნდმა გადაწყვიტა მოლეკულურ დონეზე აღწერონ მსგავსი გარეგნობის ადამიანები. ამ მიზნით მათ კვლევაში მონაწილეობისთვის მოიწვიეს ადამიანები ბრუნელის კატალოგიდან. გუნდმა 32 წყვილის ფოტო ამოარჩია და სახის გამომეტყველების აღქმელი სამი განსხვავებული ალგორითმით მათი მსგავსება გაზომა.

"ჩვენი კვლევა ადამიანის მსგავსებადობის უიშვიათეს მიგნებას, ცოდნას გვაძლევს და გვაჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, საერთო გენოტიპს იზიარებენ მაშინ, როდესაც მათ ურთიერთსაწინააღმდეგო ეპიგენომი და მიკრობიომა აქვთ. გენეტიკამ ისინი ერთმანეთს დაამსგავსა და დანარჩენი კი მათ განასხვავებს", — თქვა ესტელერმა.

კვლევა ჟურნალ Cell Reports-ში გამოქვეყნდა.

Nuno Filipe Mendes Godhino და Miguel Gonçalo Costa Silvestre, ლისაბონი, პორტუგალია, 2010

ფოტო: FRANÇOIS BRUNELLE

გენეტიკამ ისინი გვერდიგვერდ დააყენა

მონაწილეებმა ასევე შეავსეს ბიომეტრიული და ცხოვრების წესთან დაკავშირებული კითხვარები და მულტიომიკური ანალიზისთვის ნერწყვის დნმ გასცეს. "ამ ნიმუშების უნიკალური ნაკრებით ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, შეგვესწავლა, თუ რა გავლენა აქვს გენომს, ეპიგენომსა და მიკრობიომს ადამინათა შორის მსგავსებაზე", — ამბობს ესტელერი.

შედეგებმა აჩვენა, რომ ინდივიდებს აქვთ მსგავსი გენოტიპი, მაგრამ ისინი დნმ-ის მეთილირებითა (დნმ-ის მოლეკულის მოდიფიკაცია უშუალოდ დნმ-ის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის შეუცვლელად) და მიკრობიომით განსხვავდებიან. კვლევაში გამოყენებულმა სამივე ალგორითმა ცდაში მონაწილე ორეულების ნახევარი ერთად დააჯგუფა. გენეტიკურმა ანალიზმა კი, 19 277 მსგავს ერთნუკლეოტიდურ პოლიმორფიზმზე დაყრდნობით, 16-დან 9 წყვილი დააიდენტიფიცირა ერთმანეთთან.

"ეს ადამიანები ნამდვილად ჰგვანან ერთმანეთს, რადგან ისინი გენომის ან დნმ-ის თანმიმდევრობის მნიშვნელოვან ნაწილებს იზიარებენ", — თქვა ესტელერმა. ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს უფრო ჰგვანან, უფრო მეტ გენს იზიარებენ — "ეს ლოგიკური ჩანს, თუმცა დღემდე ეს არავის ჰქონდა ნაჩვენები", — დაამატა მან.

ფიზიკური ნიშნები, როგორიცაა წონა და სიმაღლე, და ქცევითი მახასიათებლები, როგორიცაა მოწევა და განათლება, სრულ კორელაციაში იყო ორეულებში. რომ შევაჯეროთ შედეგები, "საერთო გენეტიკური ვარიაციების მქონე ადამიაინები არა მარტო ფიზიკურ ნიშნებს, არამედ ქცევით მახასიათებლებსა და ჩვევებსაც იზიარებენ".

Donmar Williams და Martine Chase, აშშ, 2011

"ჩვენი კვლევა გთავაზობთ უნიკალურ ცოდნას იმ მოლეკულური მახასიათებლების შესახებ, რომლებიც ჩვენი სახის კონსტრუქციაზე ახდენენ გავლენას", — ამბობს ესტერელი. ამ ცოდნას მომვალაში დიდი გამოყენება ექნება ბიომედიცინაში, ევოლუციასა და კრიმინალისტიკაში.

"ჩვენ ბოროტმოქმედის დნმ-ზე დაყრდნობით მისი სახის აღდგენას შევძლებთ. ასევე შესაძლებელი იქნება პაციენტის სახის კონსტრუქციით მისი გენომის დაახლოებითი განსაზღვრაც", — აღნიშნა ესტელერმა.