კვანტური კომპიუტერი უკვე სმარტფონშიც იქნება ხელმისაწვდომი — ინოვაცია
გუშინ, 25 აგვისტოს, ჩინურმა მულტინაციონალურმა ტექნოლოგიურმა კომპანია პაიდუმ (Baidu) პირველი კვანტური კომპიუტერი გამოუშვა.
პირველი სუპერგამტარი კვანტური კომპიუტერი "Qian Shi" მოიცავს აპარატულ უზრუნველყოფას, პროგრამულ უზრუნველყოფასა და მრავალ აპლიკაციას. პაიდუმ ასევე წარადგინა მსოფლიოში პირველი კვანტური აპარატული-პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრაციული ამოხსნა — Liang Xi — რომელიც მობილური აპლიკაციით, კომპიუტერითა და ღრუბლით (cloud) სხვადასხვა კვანტურ ჩიპზე წვდომას უზრუნველყოფს.
გამომგონებლებს სჯერათ, რომ Qian Shi შეძლებს იმ კომპლექსური ამოცანების ამოხსნასა და მონაცემების გამოთვლას, რომლებსაც სტანდარტული კომპიუტერი ვერ აკეთებს. ეს ინოვაცია ასევე იქნება დიდი გარღვევა ხელოვნურ ინტელექტში, გამოთვლით ბიოლოგიაში, მატერიის მოდელირებასა და ფინანსურ ტექნოლოგიებში.
Qian Shi ადამიანებს შესთავაზებს სტაბილურ კვანტური გამოთვლის სერვისს, რომელსაც ბგერის აღწარმოების მაღალი სიზუსტის 10 კვანტური ბიტის სიმძლავრე ექნება. Qian Shi-ს გარდა პაიდუმ ასევე განავითარა 36 კვანტური ბიტის სუპერგამტარი კვანტური ჩიპის დიზაინიც.
კვანტურ კომპიუტერებზე წვდომა მარტივი იქნება
პაიდუ დიდ ცვლილებებს აანონსებს. "Qian Shi-სა და Liang Xi-ს დახმარებით მომხმარებლები საკუთარი კვანტური აპარატული უზრუნველყოფის, საკონტროლო სისტემისა და პროგრამული ენის განვითარების გარეშე შეძლებენ კვანტური ალგორითმების შექმნასა და კვანტური გამოთვლითი სიმძლავრის გამოყენებას", — ამბობს პაიდუს კვანტური ინსტიტუტის დირექტორი რუნიაო დუანი.
"პაიდუს ინოვაციებმა შესაძლებელი გახადა, გვქონდეს წვდომა კვანტურ კომპიუტერზე ყველგან და ყოველთვის, საკუთარი სმარტფონითაც კი."
ეს ინოვაცია პაიდუს კვანტური გამოთვლების კვლევით ცენტრს ეკუთვნის, რომელიც ბევრ ტექნოლოგიურ სფეროს მოიცავს, მათ შორის, კვანტურ ალგორითმებსა და აპლიკაციებს, კომუნიკაციასა და ქსელებს, დაშიფვრასა და უსაფრთხოებას, შეცდომის გამოსწორებას, ჩიპის დიზაინსა და მრავალ სხვას.
კომენტარები