მეცნიერებმა მეხსიერების მქონე მასალა აღმოაჩინეს — რას ნიშნავს ეს
ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის (EPFL) მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ვანადიუმის დიოქსიდს (VO2) შეუძლია, წინმსწრები გარეგანი სტიმულის მთლიანი ისტორია "დაიმახსოვროს". იგი ამგვარი მახასიათებლის მქონე პირველი ნაერთია. კვლევა ახლახან გამოცემა Nature-ში გამოქვეყნდა.
აღმოჩენა, კერძოდ, EPFL-ში POWERlab-ის დოქტორანტურის სტუდენტს, მოჰამად სამიზადე ნიკოს, ეკუთვნის, რომელიც ვანადიუმის დიოქსიდში ფაზურ გადასვლებს შეისწავლიდა.
კვლევის მიხედვით, ვანადიუმის დიოქსიდს ოთახის ტემპერატურაზე საიზოლაციო ფაზა აქვს, ხოლო 68 გრადუს ცელსიუსზე კი იზოლატორიდან მეტალამდე მკვეთრ გარდაქმნას განიცდის, რადგან მისი გისოსის მაგვარი სტრუქტურა ამ ტემპერატურაზე იცვლება. ნორმალურ პირობებში VO2-ს საკმაოდ ცვალებადი თვისებები აქვს — აგზნების დენის მოშორების შემდეგ მასალა მაშინვე საიზოლაციო მდგომარეობას უბრუნდება.
ექსპერიმენტის ფარგლებში სამიზადე ნიკომ VO2-ის ნიმუშს ელექტრული დენი მიუერთა. იგი მასალაში გადაადგილდა და ბოლოს მეორე მხრიდან გავიდა.
მას შემდეგ, რაც პირველი მცდელობისას დენმა გაიარა, მასალა თავის მდგომარეობას დაუბრუნდა, მეორედ კი უკვე მან მახსოვრობის ერთგვარი მახასიათებლები გამოავლინა.
"როგორც ჩანს, VO2-ს პირველი ფაზური გადასვლა "ახსოვდა", შემდეგი კი წინასწარ განჭვრიტა", — გვიხსნის პროფესორი ელისონ მატიოლი, POWERlab-ის ხელმძღვანელი — "მეხსიერების ამგვარი ეფექტის ხილვას არ ველოდით. ეს არა ელექტრონულ მდგომარეობას, არამედ მასალის ფიზიკურ სტრუქტურას უკავშირდება. უჩვეულო აღმოჩენაა: ასე არც ერთი მასალა არ იქცევა".
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ VO2-ს ყველაზე ახალი გარეგანი გამღიზიანებლის დამახსოვრება დაახლოებით სამ საათამდე დროის განმავლობაში შეუძლია.
"მეხსიერების ეფექტი შესაძლოა, რამდენიმე დღითაც კი გაგრძელებულიყო, თუმცა ამის გასაზომად საჭირო ინსტრუმენტები ამჟამად არ გვაქვს", — აცხადებს პროფესორი მატიოლი.
გარდა იმისა, რომ მეხსიერების ეფექტი ვანადიუმის დიოქსიდის აქამდე უცნობ თავისებურებას ამჟღავნებს, მკვლევართა გუნდის ეს აღმოჩენა პრაქტიკული გამოყენების კუთხითაც საკმაოდ მნიშვნელოვანია — ინჟინრები ნებისმიერი ტიპის გამოთვლის შესასრულებლად მეხსიერებას ეყრდნობიან, ამიტომაც ისეთი მასალები, რომელთაც პროცესის გასაუმჯობესებლად უკეთესი სიმძლავრის, სიჩქარისა და მინიატიურიზაციის შემოთავაზება შეუძლია, საკმაოდ მოთხოვნადია.
კომენტარები