გასულ წელს ბრიტანეთში დაფუძნებულმა კომპანიამ Engineered Arts-მა ფურორი მოახდინა, როდესაც ადამიანის გამომეტყველების მქონე ჰუმანოიდი რობოტის დემო ვერსია წარადგინა. მაშინ ვიდეოზე ილონ მასკმაც კი დააკომენტარა, თუ რამდენად შემაშფოთებელია რობოტის იდეალურად დახვეწილი გამომეტყველების დემონსტრაციის დანახვა.

ახლა ეს რობოტი კვლავ დაბრუნდა — ამჯერად მეტად დახვეწილი ნაკვთებითა და ადამიანის მსგავსი გამომეტყველებებით.

ახალ ვიდეოში ჰუმანოიდი Ameca თორმეტ ახალ ფუნქციას ასრულებს — ის სარკეში იყურება და სხვადასხვა გამომეტყველებას იღებს: უნდობლობა, ზიზღი, ტკივლი, სინანული.

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის მოწინავე, დახვეწილი რობოტების ფანტასტიკური დემონსტრაცია და ნიშანი, რომ კიდევ ძალიან ბევრი სიახლე გველოდება წინ.

თავის ვებგვერდზე Engineered Arts-მა განაცხადა, რომ Ameca "მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ადამიანის ფორმის რობოტია", რომელიც "ადამიანი-რობოტის მოწინავე ტექნოლოგიას" წარმოადგენს. ის საშუალებას მისცემს მკვლევრებს, რომ ადამიანისა და რობოტის ინტერაქცია უკეთ შეისწავლონ.

რობოტმა ბევრ ღონისძიებაზე მოასწრო გამოჩენა. იანვარში Engineered Arts-მა საკუთარი გამოგონება ლას ვეგასშიც აჩვენა.

"ჩვენ ყველას გვაქვს ნანახი I, Robot და AI Artificial Intelligence", — უთხრა CNET-ს მორგან როემ, Engineered Arts-ის ოპერაციულმა დირექტორმა. "და უცებ, ეს რეალობად იქცა".

როემ ისიც აღნიშნა, რომ Ameca ძირითადად "რობოტების მომსახურების" სფეროში იქნება და სულ მცირე 10-20 წლის განმავლობაში ადამიანთა საჭიროებების დაკმაყოფილებაზე არ იქნება ორიენტირებული.