3D პრინტერზე 26 საათში დაბეჭდილმა თავის ქალამ ჩვილის სიცოცხლე იხსნა
განუვითარებელი თავის ქალით დაბადებული ჩვილისთვის ინჟინრებმა 3D პრინტერის გამოყენებით თავის ქალა დაბეჭდეს და მისი გადარჩენა შეძლეს.
ტვინის ოპერაცია ხშირად საკმაოდ კომპლექსური პროცედურაა, მით უფრო დიდი გამოწვევა კი იგი მაშინაა, როცა საქმე ჩვილს ეხება. მიუხედავად ამისა, პოლონეთში, ჟეშუვში, ქირურგებმა შეძლეს და თავის ქალის მეხუთედი ნაწილით დაბადებული ახალშობილისათვის 3D პრინტერით ხელოვნური ქალა შექმნეს.
ჩვილის სიცოცხლის გადარჩენას ვარშავის ტექნოლოგიურ კომპანია Sygnis-ს უნდა ვუმადლოდეთ. ოპერაცია რომ ოთხი დღის განმავლობაში არ დაგეგმილიყო, ბავშვი ყველა სახის ინფექციისადმი დაუცველი გახდებოდა, მათ კი ახალშობილის თავის ქალის ზუსტი 3D მოდელი ერთ დღეში დაბეჭდეს.
Sygnis-ის უწყებით, პროექტის ფაილის მიღების შემდეგ 3D თავის ქალის შექმნა ორმა ინჟინერმა დაიწყო. როგორც კომპანია აღნიშნავს, ბავშვისათვის რისკების თავიდან ასაცილებლად მათ ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული ტექნოლოგია გამოიყენეს.
- პირველი მოდელი SLS ტექნოლოგიით გამზადდა, Sinterit Lisa Pro 3D პრინტერით, PA12 ფხვნილისგან. ამას 24 საათი დასჭირდა.
- მეორე მოდელი — SLA (ბეჭდვის ტექნოლოგია, რომელიც შუქმგრძნობიარე ფისის ფენა-ფენა გამაგრებას მოიცავს) ტექნოლოგიით, FlashForge Photo 8.9sz 3D პრინტერზე, რამაც 8 საათი წაიღო.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ბავშვის გადასარჩენად ყველა სხვა პროექტი შეაჩერა და თავის ქალის საქმე სულ რაღაც 26 საათში მოაგვარა.
FlashForge Photo 8.9s 3D პრინტერზე ფისის ტექნოლოგია SLA იმისთვის გამოიყენეს, რომ საილუსტრაციო ამონაბეჭდი სწრაფად მიეღოთ და იგი სპეციალისტებს SLS ტექნოლოგიით დაბეჭდვამდე შეეფასებინათ.
მეორე მხრივ, მათ SLS ტექნოლოგია და პოლიამიდური (PA12) ბეჭდვა გამოიყენეს, რათა წინასაოპერაციო ქირურგიული ვარჯიშებისათვის სამგანზომილებიანი მოდელი დაებეჭდათ. ფხვნილის ტექნოლოგია 3D ბეჭდვის საშუალებას საყრდენი სტრუქტურების გამოყენების გარეშე იძლევა, შესაბამისად, შესაძლებელია გეომეტრიულად კომპლექსური ძვლოვანი სტრუქტურების უნაკლო რეპროდუქცია.
გასათვალისწინებელია, რომ ბავშვს ძვლის აღსადგენად სამომავლოდაც დასჭირდება ოპერაციები, რომლებიც ასევე 3D ბეჭდვის ტექნოლოგიას დაეფუძნება. ჩვილის ძვლები კვლავაც ზრდის პროცესშია, ექიმები კი აღდგენითი ოპერაციის ჩატარებამდე თავის ქალის განვითარებას უცდიან.
კომენტარები