მეცნიერებმა მკვდარი ღორის უჯრედები და ორგანოები "გააცოცხლეს" — რას ნიშნავს ეს
ორგანიზმის სიკვდილიდან მალევე, უჯრედებიც იწყებენ კვდომას. ბუნებრივია ეს ისახება ორგანოებზეც. თუმცა, ახლა იელის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია უჯრედების აქტივობის აღდგენა სიკვდილის შემდეგაც. ეს საინტერესო ტექნოლოგია, სახელწოდებით OrganEx, შეიძლება გამოიყენონ უჯრედების აღსადგენად დაზიანებულ ორგანოებშიც კი. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ შემდგომში ორგანოების გადანერგვის უფრო ეფექტურ მეთოდს შეიმუშავებენ და იშემიის მკურნალობასაც შეძლებენ.
იშემია არის მდგომარეობა, რომელიც იწვევს ორგანოს ქსოვილებისა და უჯრედების სიკვდილს სისხლისა და ჟანგბადის მიწოდების შემცირების გამო. ამ პრობლემის სიმძიმის გაგება შესაძლებელია იქიდან, რომ იშემია ხშირად განიხილება ადამიანებში გულის უკმარისობის უპირველეს მიზეზად. კვლევის დროს, იელის მეცნიერებმა შეძლეს აღედგინათ უჯრედული აქტივობა ღორში, რომელიც მოკვდა გულის გაჩერების გამო. ეს კი სიკვდილიდან ერთი საათის განმავლობაში მოხდა.
"უჯრედები სიკვდილის შემდეგ ეგრევე არ იღუპებიან, რაც ხსნის ინტერვენციის შესაძლებლობას. ამ გამოკვლევით ჩვენ ვაჩვენეთ, რომ სათანადო ჩარევის შემთხვევაში, უჯრედების გადარჩენა შეგვიძლია", — განუცხადა IE-ს კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა და იელის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა ზვონიმირ ვრსელამ.
OrganEx ტექნოლოგია მოიცავს ჟანგბადისა და სისხლის რეცირკულაციას უჯრედებსა და ქსოვილებში, რათა გაგრძელდეს ფუნქციონირება სიკვდილიდან რამდენიმე საათის შემდეგაც კი. OrganEx სისტემა ორი კომპონენტით მუშაობს — პერფუზიის მოწყობილობა და პერფუზატი. პირველი ახდენს გულისა და ფილტვების ფუნქციის სიმულაციას და მას მთელს სხეულში ატარებს.
პერფუზატი არის სინთეზური ჰემოგლობინის შემცველი სითხე და შეიცავს მრავალ სხვა მოლეკულას, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას და უჯრედების დაშლას. ის აწვდის ჟანგბადს სისხლის წითელ უჯრედებს და აიძულებს მათ შეინარჩუნონ ფუნქციონირება. ტექნიკის დემონსტრირებისთვის მკვლევრებმა ეფექტი ღორზე გამოსცადეს.
ღორი გულის გაჩერების გამო მოკვდა (ტკივილებისა და ტანჯვის გარეშე). მისი გარდაცვალებიდან ერთი საათის შემდეგ მკვლევრებმა გამოიყენეს OrganEx ტექნიკა. ექვსი საათის განმავლობაში მკვლევრებმა დააფიქსირეს აღდგენილი უჯრედული აქტივობა და ორგანოების ფუნქციონირება.
"მიკროსკოპის ქვეშ ძნელი იყო ჯანსაღ ორგანოსა და OrganEx-ის მიერ "გაცოცხლებული" ორგანოს შორის განსხვავების დანახვა", — წერს დოქტორი ვრსელია კვლევით ნაშრომში.
საინტერესოა, რომ მათ ასევე აღმოაჩინეს გარკვეული ელექტრული სიგნალები გულ-სისხლძარღვთა სისტემაში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ღორის გული ცხოველის სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს ფუნქციონირებას.
ღორზე ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ OrganEx არის ეფექტური მკურნალობის სტრატეგია ორგანოების უჯრედებისა და ქსოვილების აღსადგენად, რომლებიც განიცდიან დაზიანებას სისხლისა და ჟანგბადის ნაკლებობის გამო (იშემია). ეს ნიშნავს, რომ სიკვდილის შემდეგაც შეგვიძლია ორგანოებს ფუნქციონირება შევუნარჩუნოთ.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მას შემდეგ, რაც ტექნოლოგია წარმატებული იქნება ორგანოების დონეზე ადამიანებში, მას გადანერგვისთვის გამოიყენებენ. მათი თქმით, ეს ორგანოების დიდ დისტანციაზე გადატანისთვის ხელსაყრელი იქნება.
"ეს მიდგომა დაგვეხმარება შევინარჩუნოთ ორგანოები დონორისგან მათი ამოღების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში. თქვენ აიღებთ ორგანოს დონორისგან, დაუკავშირებთ მას პერფუზიის ტექნოლოგიას და შემდეგ მისი ტრანსპორტირება შორ მანძილზე დიდი ხნის განმავლობაში შეგეძლებათ", — ამბობენ მკვლევრები.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები