OnePlus 10T-ს ერთ-ერთი გამორჩეული ფუნქცია აღარ ექნება — გაიგეთ, რატომ
OnePlus 10T ბაზარზე 3 აგვისტოდან გამოჩნდება. იქამდე კი კომპანია ახალი მოდელის რამდენიმე სიახლეს გვაცნობს. სმარტფონის დიზაინი წინა მოდელთან შედარებით შეცვლილია და შეიძლება, იმედგაცრუებულიც დაგტოვოთ. მართალია, ზოგადი 10T-ის დიზაინი 10 Pro-სგან დიდად არ განსხვავდება, თუმცა მას აღარ აქვს შეტყობინების ჩართვისა და გამორთვის ფუნქციები [alert/mute slider]; ასევე ახალ მოდელში Hasselblad-ის ბრენდის კამერის სისტემაც ამოღებულია.
alert slider იყო OnePlus-ის ერთ-ერთი გამორჩეული ფუნქცია, რომლითაც ეკრანზე მენიუს გახსნის გარეშე შესაძლებელი იყო მარტივად მობილურის შეტყობინებების უხმო, ვიბრაციულ რეჟიმში გადაყვანა. The Verge-სთვის მიცემულ ინტერვიუში OnePlus-ის მთავარმა დიზაინერმა, ჰოუპ ლიუმ აღნიშნა, რომ ამ ფუნქციის ამოღება აუცილებელი იყო, რათა 10T-ს ჰქონოდა მეტი შიდა სივრცე სხვა კომპონენტებისთვის — "მაღალი სიმძლავრის დატენვა, სატენის ხანგრძლივობის გაზრდა და უკეთესი სასიგნალო ანტენები".
მაგალითად, იმისათვის, რომ 10T-იც წინა მოდელის სიჩქარით დაიტენოს (რა მიზანიც აქვს კომპანიას), საჭიროა, რომ ის ერთდროულად ორი დამტენით იტენებოდეს, მაშინ როდესაც იმავე დროში ერთი 80 ვოლტიანი დამტენით სრულად იტენება 10 Pro. კომპანიამ ასევე პრიორიტეტი მიანიჭა ანტენების სისტემას, რომელიც 15 ანტენას მოიცავს და აუმჯობესებს სიგნალს, როდესაც ტელეფონი ჰორიზონტალურად უჭირავთ. ეს დიდი ბენეფიტია, მაგალითად, ონლაინ თამაშების მოყვარულთათვის.
"მაშინ, როდესაც alert slider მართლაც რომ ძალიან მცირე კომპონენტია, მას შედარებით დიდი ადგილი უკავია მოწყობილობის დედაპლატაზე — 30 კვადრატულ მილიმეტრამდე", — ამბობს ლიუ. "OnePlus 10T-ს ყველა ახალ ფუნქციასთან ერთად, შეტყობინების ჩართვა/გამორთვის ეს ფუქნციაც რომ ჰქონოდა, მაშინ მოგვიწევდა დედაპლატას სისქეში გაზრდა, რაც მთელი სმარტფონის მასასაც გაზრდიდა." ამ slider-ის ამოღებით OnePlus ერთგვარ კომპრომისზე წავიდა.
კიდევ ერთი განსხვავება არის ის, რომ 10T-ს არ აქვს Hasselblad-ის ბრენდის კამერის სისტემა. OnePlus-მა ამ კომპანიასთან თანამშრომლობა 9 Pro-დან დაიწყო და სისტემის ერთადერთი ფუნქცია იყო სმარტფონის ფერების დარეგულირება, ამიტომ მისი ამოღება ახალი მოდელიდან არაა დიდი დანაკლისი. ამას გარდა, ახალი მოდელის მთავარი კამერა გამოიყენებს 50-მეგაპიქსელიან Sony MX766 სენსორს (რომელსაც ტექნიკურად უფრო მაღალი რეზოლუცია აქვს, ვიდრე 48-მეგაპიქსელიან 10 Pro-ს) და გადაღებისას 10 ბიტის ფერით (ფერთა 10 ბიტის სკალით) იქნება უზრუნველყოფილი. ასევე 10T-ს ექნება გაუმჯობესებული HDR გადაღება და ღამით გადაღების რეჟიმიც. ტელეფონის მუშაობა კი Snapdragon 8 Plus Gen 1-ის პროცესორზე იქნება დაფუძნებული.
სხვა მახასიათებლები, რასაც ლიუ უსვამს ხაზს, არის 6.7-დუიმიანი ეკრანი. რეზოლუციაზე ოფიცუალურად ჯერ არაფერია ცნობილი, თუმცა გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ეკრანი არის ბრტყელი და ტელეფონის გვერდები არ მრგვალდება. ლიუს მიხედვით, სმარტფონი იქნება შავ და მწვანე ფერში.
კომენტარები