ბრიტანეთის რეკორდულ სიცხეს ვერც Google Cloud-ისა და Oracle-ს მონაცემთა სერვერებმა გაუძლო
რეკორდულად მაღალმა სიცხემ დაადნო London Luton-ის ასაფრენი ბილიკი და რკინიგზის რელსებიც მოღუნა. გამონაკლისი არც ტექ გიგანტების სერვერები გახლავთ.
სამშაბათს ბრიტანეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის (104 გრადუსი ფარენჰეიტი = 40 გრადუსი ცელსიუსი) ფონზე Google Cloud-ისა და Oracle-ის სერვერების გაგრილების სისტემას პრობლემები შეექმნათ. ორივე კომპანია სერვერების მოულოდნელად მწყობრიდან გამოსვლის მიზეზად მაღალ ტემპერატურას ასახელებს.
საკუთარი Google Cloud-ის გვერდზე Google-მა აღნიშნა, რომ მათ ბრიტანეთში დაფუძნებულ მონაცემთა ერთ-ერთ ცენტრში გაგრილების პრობლემები შეექმნათ. "ამან გამოიწვია იმ ზონაში მუშაობის ნაწილობრივი შეჩერება, რაც VM-ს (ვირტუალური მანქანების) მწყობრიდან გამოსვლისა და ჩვენი რამდენიმე მომხმარებლისთვის დანადგარების მიწოდების შეფერხების მიზეზად იქცა", — ამბობენ Google-ში. კომპანია აცხადებს, რომ მათ ზოგიერთი მანქანა-დანადგარი გათიშეს კიდევაც, რათა ისინი გადახურებისა და დაზიანებისგან დაეცვათ.
როგორც The Register და Bleeping Computer აცხადებენ, Oracle საკუთარი მომხმარებლებისთვის მსგავსი მესიჯი ჰქონდა და პირდაპირ აღნიშნავდა, რომ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი "არასეზონური ტემპერატურაა" ბრიტანეთში. დღეს დილით პროგრამული უზრუნველყოფის ამ კომპანიამაც გათიშა თავისი ზოგიერთი მანქანა-დანადგარი, რათა ისინი გადახურებისგან დაეცვა, თუმცა კომპანიის სერვისი მალევე უბრუნდება ონლაინ სივრცეს. Oracle-ში აცხადებენ, რომ მონაცემთა ცენტრებში ტემპერატურამ "სამუშაო (მუშა) ნიშნულს მიაღწია", თუმცა ისინი ჯერ კიდევ მუშაობენ საკუთარ გაგრილების სისტემის შეკეთებაზე.
უცნობია, რამდენ მომხმარებელზე იქონია გავლენა ამ ორი კომპანიის გაგრილების სისტემის ჩავარდნამ, თუმცა აშკარაა, რომ Oracle-ისა და Google Cloud-ის მომხმარებლებს საკუთარ ვებგვერდებზე პრობლემები შეექმნებოდათ.
ბრიტანეთის ინფრასტრუქტურა არაა მაღალ სიცხეებზე გათვლილი. მაღალი სიცხე კი ამ ქვეყნისთვის, თუნდაც ზაფხულის ცხელ დღეებში, უჩვეულოა. მონაცემთა ცენტრებისთვის ზიანის მიყენების გარდა რეკორდულმა სიცხემ პრობლემები მთელი ქვეყნის მასშტაბითაც შექმნა — დაადნო London Luton-ის ასაფრენი ბილიკი, მოღუნა რკინიგზის რელსები და გამოიწვია ტყის ხანძრები მთელს გაერთიანებულ სამეფოში. იმის ფონზე, რომ მსოფლიოში კლიმატი კვლავ აგრძელებს დრამატულ ცვლილებას, ბრიტანეთს მოუწევს ცხელ ტალღების არსებობასთან შეგუება და მათან გამკლავების გზების მოძიება.
კომენტარები