Facebook-ის ახალ საცდელ ვერსიაში მომხმარებლებს ერთდროულად ხუთი პროფილის ქონის უფლება აქვთ
Facebook-მა დღეს განაცხადა, რომ მათი საცდელი პროგრამების ფარგლებში ზოგიერთ მომხმარებელს რამდენიმე პროფილის ქონის საშუალება ექნება. როგორც ჩანს, Meta მზარდი კონკურენციის ფონზე მომხმარებლების შენარჩუნების ალტერნატიულ გზებს ეძებს.
ცდის ფარგლებში, Facebook-ის ზოგიერთ მომხამრებელს ექნება დამატებით 4 პროფილის შექმნის საშუალება, რომელიც მის თავდაპირველ პროფილზე იქნება მიბმული. იდეა ისაა, რომ დამატებითი პროფილები მომხმარებლებმა სხვადასხვა მიზნით გამოიყენონ — ერთი მეგობრებისთვის, მეორე თანამშრომლებისთვის, მესამე კი შეიძლება სხვა საინტერესო ჯგუფებში გასაწევრიანებლად. მომხმარებლებს ისევ ერთი ანგარიში ექნებათ, მაგრამ შეძლებენ პროფილებს შორის გადართვას.
Facebook-ის სპიკერის, ლეონარდ ლამის განცხადებით, ყველა პროფილი კომპანიის წესებს დაექვემდებარება და ერთზე მაინც წესის დარღვევა მთელ ანგარიშზე აისახება.
"ადამიანებისთვის სხვადასხვა სფეროში საკუთარი გამოცდილების მეტად გაღრმავების მიზნით, ჩვენ მათ ვაძლევთ ერთზე მეტ პროფილს, რომელიც ერთ ანგარიშზე იქნება მიბმული. ყველა, ვინც ამის შემდეგ Facebook-ის გამოყენებას გააგრძელებს, უნდა დაემორჩილოს ჩვენს წესებს", — განაცხადა ლამმა.
მომხმარებლებისთვის, რომლებიც დამატებით პროფილებს ქმნიან, არაა აუცილებელი ავთენტური, იდენტობის შესაბამისი ინფორმაციის გამოყენება, მანამ სანამ ეს ინფორმაცია პლატფორმის მოხმარების პოლიტიკასა და წესებს არ არღვევს და არ შეიცავს რიცხვებსა თუ რაიმე სიმბოლოებს. Facebook-ის წესი, რომ ანგარიშის მფლობელმა პლატფორმაზე საკუთარი რეალური სახელი უნდა გამოიყენოს, ხშირად ყოფილა დავის საგანი, გერმაიაში ამასთან დაკავშირებით სარჩელიც აღიძრა.
Facebook-ის ეს წამოწყება მიზნად ისახავს პლატფორმაზე მომხმარებლების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების შენარჩუნებას, რომლებიც TikTok-ით არიან გატაცებულნი. შეგახსენებთ, რომ კომპანიას 2021 წელს პირველად ისტორიაში თავისი ყოველდღიური მომხმარებლები შეუმცირდა.
კომენტარები