მკვლევრებმა შექმნეს რობოტი, რომელსაც საკუთარი სხეულის შესწავლა შეუძლია და ეს ადამიანის დახმარების გარეშე. ახალ კვლევაში მათ აჩვენეს, თუ როგორ შექმნა რობოტმა საკუთარი კინემატიკური მოდელი და შემდეგ გამოიყენა ეს თვითმოდელი, რათა დაეგეგმა მოძრაობა და მიზნები. ის საკუთარი სხეულის დაზიანებებსაც ავტომატურად ცნობდა და ამის შემდეგ თავის აღდგენას ცდილობდა.

როგორც ვიცით, გონების და სხეულის სინქრონიზაცია უმნიშვნელოვანესია. ეს გვეხმარება რთული თუ მარტივი მოძრაობების შესრულებაში და ზოგადად არსებობაში. იცმევთ, თამაშობთ ბურთით თუ დარბიხართ, ამ დროს თქვენი ტვინი უმნიშვნელოვანეს გამოთვლებს ახორციელებს რათა თქვენი სურვილები დაკმაყოფილდეს, თუმცა. . .

ჩვენ ადამიანები საკუთარ სხეულებს ჩვილობიდან ვიღებთ, ჩვენ მისი ნაწილი ვართ. რობოტების შემთხვევაში საქმე ცოტა სხვანაირად არის. რაც მთავარია, ისინი საკუთარ სხეულს ვერ გრძნობენ. თუმცა, კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ შექმნეს რობოტი, რომელსაც შეუძლია ისწავლოს საკუთარი სხეულის ნოლიდან და ეს ყოველგვარი დახმარების გარეშე. Science Robotics-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, მათ ამის დემონსტრირება მოახდინეს. რობოტი ამას დაბრკოლებების თავიდან ასაცილებლადაც იყენებს. მკვლევრების თქმით, რობოტი ცნობს საკუთარ დაზიანებებს და შემდეგ თავის აღდგენას იწყებს.

მკვლევრები ამბობენ, რომ რობოტი ჩვილს ჰგავს, რომელიც სარკეში საკუთარი თავის აღქმას ცდილობს

როგორ მივიდნენ აქამდე მეცნიერები? მათ რობოტი მკლავი ყუთში მოათავსეს, სადაც ხუთი მხრიდან ვიდეო კამერები იყო. რობოტი საკუთარ თავს კამერების მეშვეობით უყურებდა. ჩვილის მსგავსად, რომელიც პირველად იკვლევს საკუთარ თავს სარკეში, რობოტი ტრიალებდა და იკუმშებოდა იმის გასაგებად, თუ როგორ მოძრაობდა მისი სხეული სხვადასხვა ბრძანებების საპასუხოდ. დაახლოებით სამი საათის შემდეგ რობოტი გაჩერდა. ეს ნიშნავს, რომ მისმა შიდა ნერვულმა ქსელმა დაასრულა რობოტის ავტომატურ ქმედებებსა და მის გარემოზე ინტერაქციის შესწავლა.

"ჩვენ გვინდოდა გვენახა, თუ როგორ წარმოიდგენდა რობოტი საკუთარ თავს. თუმცა, მის ნერვულ სისტემაში ჩახედვა მარტივი არაა, ეს შავი ყუთივითაა", — თქვა ჰოდ ლიპსონმა, მექანიკური ინჟინერიის პროფესორმა და კოლუმბიის Creative Machines Lab-ის დირექტორმა.

დიდი ხნის კვლევების შემდეგ რობოტის მიერ საკუთარი თავის აღქმის ეფექტი გამოჩნდა.

თვითმოდელირებადი რობოტები მიგვიყვანს უფრო დამოუკიდებელ ავტონომიურ სისტემებამდე

რობოტის უნარი, მოახდინოს საკუთარი თავის მოდელირება ინჟინრების დახმარების გარეშე, მნიშვნელოვანია მრავალი მიზეზის გამო: ეს არა მხოლოდ დაზოგავს ადამიანის შრომასა და დროს, არამედ საშუალებას აძლევს რობოტს უფრო დამოუკიდებელი გახდეს. ეს საკუთარ თავზე მზრუნავი რობოტების შექმნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ავტორები ამტკიცებენ, რომ ეს უნარი მნიშვნელოვანია, რადგან ამით უფრო ავტონომიურ სისტემებს ვუახლოვდებით. მაგალითად, მსგავს ქარხნულ რობოტს შეეძლება თავად აღმოაჩინოს, რომ რაღაც არ ხდება სწორად. ასეთ დროს ის სისტემას თავად მიხედავს და თუ ამას ვერ შეძლებს დახმარებას გამოიძახებს.

"ჩვენ ადამიანებს საკუთარი თავის აღქმა გაგვაჩნია. დახუჭეთ თვალები და შეეცადეთ წარმოიდგინოთ, როგორ მოძრაობს თქვენი სხეული, როდესაც ხელებს ან ფეხებს ამოძრავებთ. ეს ჩვენს ტვინში ხდება, საკუთარი თავის წარმოდგენა. ეს გვამცნობს ჩვენს უშუალო გარემოს და იმას თუ როგორ იცვლება ის მასთან ინტერაქციისას", — განმარტა კვლევის პირველმა ავტორმა ბოიუან ჩენმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ნაშრომს და ახლა არის დიუკის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.

საკუთარი თავის აღქმა რობოტებში

ლიპსონი უკვე ათწლეულებია მუშაობს მსგავს კონცეფციაზე. მისი მიზანია რობოტებს საკუთარი თავის აღქმის შეგრძნება გაუჩინოს.

"თვითმოდელირება თვითშემეცნების პრიმიტიული ფორმაა. თუ რობოტს, ცხოველს ან ადამიანს აქვს ზუსტი თვითმოდელი, მას შეუძლია უკეთ იმოქმედოს, მიიღოს უკეთესი გადაწყვეტილებები და ექნება ევოლუციური უპირატესობა", — ამბობს ლიპსონი.

ლიპსონისვე თქმით, ამ კვლევაში ნაჩვენები თვითშემეცნება, "ტრივიალურია ადამიანებთან შედარებით, მაგრამ ყველაფერი საიდანღაც იწყება".

მისი თქმით, პროგრესი ამ მხრივ შეიძლება იყოს ნელი და ფრთხილი, მაგრამ ის აუცილებლად იქნება. მან ასევე აღნიშნა რისკები რაც თვითაღქმად რობოტს შეიძლება მოჰყვეს და ხაზი გაუსვა, რომ ესეც გასათვალისწინებელია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.