TikTok-ის წინააღმდეგ სარჩელი უკვე არაერთმა მშობელმა შეიტანა. ისინი აცხადებენ, რომ მათი შვილები "გონების კარგვის გამოწვევის" — blackout challenge-ის კეთებისას დაიღუპნენ მას შემდეგ, რაც აპლიკაციის ალგორითმმა მთავარ გვერდზე მათ აღნიშნული გამოწვევის ვიდეოები ამოუგდო. ერთ-ერთი სარჩელის მიხედვით, რომელიც მშობელმა ივნისში შეიტანა, გასულ წელს, გამოწვევაში მონაწილეობისას შვიდი ბავშვი დაიღუპა. ბრალმდებლის თქმით, აღნიშნული "მომხმარებელს მოუწოდებს, სუნთქვა გონების დაკარგვამდე შეიზღუდონ" და ასფიქსია გამოიწვიონ. გამოწვევა რჩევებსაც იძლევა, თუ რისი გამოყენება შეიძლება ასფიქსიის გამოსაწვევად. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ბავშვი 15 წელს ქვემოთ ასაკის იყო.

ბოლო სარჩელი TikTok-ის წინააღმდეგ 8 წლის ლალანი უოლტონის მშობლებმა და 9 წლის არიანი აროიოს მშობლებმა შეიტანეს. თუმცა, მათ სარჩელში კიდევ რამდენიმე ბავშვია მოხსენიებული, რომლებიც ასევე ამ გამოწვევაში მონაწილეობისას დაიღუპნენ. ეს სარჩელში იმის მტკიცებულებად გამოიყენეს, რომ TikTok-ს აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. დამატებით, უოლტონისა და აროიოს გარდა გამოწვევის შედეგად დაიღუპნენ:

  • 10 წლის ბავშვი იტალიაში, 2021 წლის იანვარი;
  • 12 წლის ბავშვი კოლორადოში, 2021 წლის მარტი;
  • 14 წლის ბავშვი ავსტრალიაში, 2021 წლის ივნისი;
  • 12 წლის ბავშვი ოკლაჰომაში, 2021 წლის ივლისი;
  • 10 წლის ბავშვი პენსილვანიაში, 2021 წლის დეკემბერი.

კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა პენსილვანიელი 10 წლის ნაილა ანდერსონის დედამაც, რომელიც ამტკიცებს, რომ აპლიკაცია "უაღრესად სახიფათო გამოწვევებს აძლევს ბიძგს". სარჩელის საპასუხოდ TikTok-მა Washington Post-ს განუცხადა, რომ მომხმარებლებს პლატფორმაზე ამ გამოწვევის მოძებნა აღარ შეუძლიათ. სანაცვლოდ, blackout challenge-ის მოძებნისას ისინი ეკრანზე გაფრთხილებას ხედავენ იმის შესახებ, რომ "ზოგიერთი ონლაინ გამოწვევა, შესაძლოა, სახიფათო, შემაშფოთებელი, ან, მეტიც, დადგმული იყოს". ასევე, აქედან აპლიკაციაში გამოწვევებისა და გაფრთხილებების შეფასების გვერდზე შეძლებთ გადასვლას.

ფოტო: Verge

თუმცა, სმიტისა და აროიოს ახალი სარჩელის მიხედვით, მათ შვილებს აპლიკაციაში blackout challenge არ მოუძებნიათ. სარჩელის მიხედვით, TikTok-მა ვიდეოები ბავშვებს აპლიკაციის მთავარ, For You გვერდზე ამოუგდო. სარჩელი კომპანიას ვიდეოების სპეციფიკურ აუდიტორიაზე მიმართვასა და იმის განსაზღვრაში ადანაშაულებს, რომ აღნიშნული შინაარსის ტიკტოკები, სადაც მომხმარებლები გამიზნულად იხრჩობენ თავს გონების დაკარგვამდე, ბავშვებისთვისაა შესაფერისი.

საპასუხოდ, TikTok-ის წარმომადგენელმა მხოლოდ კომპანიის წინა განცხადება გაიმეორა: "შემაშფოთებელი გამოწვევა, რომლის შესახებაც ხალხი, როგორც ჩანს, TikTok-ის გარე წყაროებიდან იგებს, ჩვენი პლატფორმის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე გაჩნდა და TikTok ტრენდი არასდროს ყოფილა. ჩვენ ისევ ფხიზლად ვაგრძელებთ მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვას და დაუყოვნებლივ ვშლით ასეთ ვიდეოებს, მათი პოვნის შემთხვევაში. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ოჯახის მისამართით მათი ტრაგიკული დანაკარგის გამო".

გამოწვევები TikTok გამოცდილების მთავარი ნაწილია. ზოგიერთი გამოწვევა უბრალოდ რაიმე ცეკვის მოძრაობას მოიცავს, ზოგიერთი კი ბევრად საზიანო და სახიფათოა. მაგალითად, ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი გამოწვევის მონაწილეები მომხმარებლებს მოუწოდებდნენ, სკოლის საკუთრება მოეპარათ ან გაენადგურებინათ.

სმიტის და აროიოს სარჩელის მიხედვით, ვინაიდან TikTok გარკვეულ გამოწვევებს არეკლამებს და აძლევს ბიძგს, იგი ვალდებულია, პლატფორმაზე განთავსებულ და გაზიარებულ ვიდეოებსა და გამოწვევებს გაუწიოს მონიტორინგი იმისთვის, რომ მთავარ გვერდზე სახიფათო და სიცოცხლისთვის საშიში ვიდეოებისა და გამოწვევების გაზიარება, განთავსება, მათი წახალისება და შეთავაზება აიცილოს თავიდან.

კომპანიას პრობლემები ადრეც შეექმნა ბავშვების პლატფორმაზე წვდომის გამო. 2019 წელს მან ფედერალურ სავაჭრო ორგანიზაციას 5.7 მილიონი დოლარი გადაიხადა იმ სარჩელის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, იგი 13 წლამდე მომხმარებელს პლატფორმაზე დარეგისტრირების საშუალებას მშობლის ნებართვის გარეშე აძლევდა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მან Family Pairing რეჟიმი დაამატა, რომელიც მშობლებს საშუალებას აძლევს, თავიანთი ანგარიში შვილების ანგარიშს დაუკავშირონ და გააკონტროლონ, თუ რა რაოდენობის ვიდეოს ნახავენ ისინი და რა დროს გაატარებენ აპლიკაციაში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.