Balenciaga-მ დინამიკიანი ჩანთა გვაჩვენა — მოდა და ტექნოლოგიები
6 ივლისს პარიზში Balenciaga-ს მაღალი მოდის, ე.წ. Haute couture-ს ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა. ამ ცნობილი მოდის სახლის ქართველი შემოქმედებითი ხელმძღვანელი, დემნა გვასალია კვლავ მოდის სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა. ჩვენი ყურადღება კი Balenciaga-ს ჩვენებაში ტექნოლოგიური ელემენტების არსებობამ მიიპყრო.
ჩვენებაში მონაწილე ცნობილი სახეებისა თუ მოდელების დიდ ნაწილს ხელში ერთი საინტერესო ატრიბუტი — დინამიკიანი ჩანთა ეჭირა. როგორც ჩანს, სპეციალურად ახალი კოლექციისთვის, ჩანთები Balenciaga-მ Bang & Olufsen-თან თანამშრომლობით შექმნა. ეს დანიური კომპანიაა, რომელიც 1925 წელს შეიქმნა და ტექნიკის დიზაინის კუთხით მუშაობს. მისი საქმიანობა აუდიო-ვიზუალური ტექნიკის სრულყოფილ დიზაინთან ასოცირდება. ამ ეტაპზე, კომპანია სატელევიზიო და მუსიკალურ სისტემებსა თუ დინამიკებს ქმნის, მათ მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან კი ვიგებთ აღნიშნული თანამშრომლობის შესახებ.
როგორც Bang & Olufsen-ის ვებგვერდზე ვკითხულობთ, უკვე Speaker Bag-ის სახელით ცნობილ პროდუქტში წამყვანი ვიზუალური დატვირთვა როდია. ეს მძლავრი პორტატული დინამიკია, რომელსაც შეუძლია 18 საათზე მეტი ხანი გაძლოს, ერთ სრულ დამუხტვაზე.
დინამიკიანი ჩანთა, რომელმაც ბალენსიაგას გახმაურებულ ჩვენებაზე ვიზუალურთან ერთად მუსიკალურ სტილსაც გაუსვა ხაზი, შეზღუდული რაოდენობითაა წარმოებული და მისი შეძენა მხოლოდ Balenciaga-ს ბრენდულ მაღაზიებსა და ჩვენებებზე იქნება შესაძლებელი.
კომენტარები