ჩინეთში ქმნიან ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც პოლიტიკური პარტიის მიმართ ლოიალურებს დაადგენს
როგორი იქნება დისტოპიური სამყარო? ამაზე პასუხი შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ასეთ რეალობაში. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ აშშ-ში შეიმუშავეს ალგორითმი, რომელსაც დანაშაულის პროგნოზირება შეუძლია. მეტიც, ჩინეთში ამუშავებენ სისტემას, რომელიც დანაშაულს მის ჩადენამდე გამოავლენს. მსგავსი მოვლენების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ აი ახლა კიდევ ერთი საინტერესო სიახლე შევიტყვეთ. ჩინეთში ახალ ალგორითმს ქმნიან, რომლის მიზანიც პარტიის მიმართ ლოიალურობის გამოვლენა იქნება.
როგორც ლონდონის "თაიმსი" იუწყება, ჩინეთის ეროვნული სამეცნიერო ცენტრი ამუშავებს პროგრამას, რომელიც "ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით პოლიტიკურ პარტიებში მისი წევრების მნიშვნელობას განსაზღვრავს".
ჩინეთის კომუნისტური პარტიის იუბილეს პარალელურად, განცხადებაში ნათქვამია, რომ ალგორითმი განსაზღვრავს თუ ვინ რამდენად ლოიალური პარტიის მიმართ. საუბარია თავად პარტიის წევრებზე. ანუ, ხელოვნური ინტელექტი განსაზღვრავს თუ რამდენად სანდოა ესა თუ ის პოლიტიკური ფიგურა პარტიისთვის.
"ჩვენ გვაქვს ჭკვიანი ტექნოლოგიები, ჭკვიანი სახლები და ახლა როგორც ჩანს ჭკვიანი იდეოლოგიების ჯერიც მოვიდა. ეს ალგორითმი სავარაუდოდ გამოიყენებს სახის გამომეტყველებების შემსწავლელ ტექნოლოგიებს. ეს შესაძლებელს გახდის იდეოლოგიური და პოლიტიკური განათლების კონტროლს", — ნათქვამია განცხადებაში.
Times-ის ცნობით, აღჭურვილობა გამოიცადა ტვინის ტალღების წაკითხვითა და სახის სკანირების ანალიზით. ეს დაკვირვება ხდებოდა მაშინ, სანამ სუბიექტები კითხულობდნენ სტატიებს. საბოლოოდ დაკვირვებიდან გამომდინარე ალგორითმმა მკითხველებს მიანიჭა ქულები ლოიალურობის მიხედვით.
გონების წამკითხავი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც თქვენს პოლიტიკურ მიკერძოებულობას ამოწმებს პირდაპირ ჯორჯ ორუელის "1984 წელს" მოგვაგონებს.
თუმცა, ჩინეთი ამ მხრივ ერთადერთი არ არის. შეიძლება სხვა ქვეყნებში მსგავსი სისტემით პოლიტიკური პარტიის თუ იდეოლოგიის მიმართ ლოიალურობას არ ამოწმებენ, მაგრამ როგორც თავში აღვნიშნე, ნაწილობრივ ჩვენ უკვე ვცხოვრობთ დისტოპიურ სამყაროში.
დღეს ალგორითმები განსაზღვრავენ მიდრეკილია თუ არა კონკრეტული ინდივიდი კრიმინალისკენ, რამდენად შეიძლება კონკრეტულ ადამიანზე გაიცეს სესხი და სხვა მრავალი. ვნახოთ რა იქნება შემდეგი, ერთი რამ ფაქტია, "საოცარი ახალი სამყარო" აქ და ახლაა!
კომენტარები