ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორ სულხან მეტრეველთან ჩაწერილ ახალ ვიდეოინტერვიუში ქართველმა ფიზიკოსმა, გია დვალმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთმიმართება, რომელიც საზოგადოების მიერ ხშირად წინააღმდეგობრივად აღიქმება.

ამ დაუსრულებელი კამათის მიღმა დგას კითხვები, რომლებსაც ასევე არ უჩანს ბოლო, რაც დვალის თქმით, ბუნებრივიცაა, რადგან ტვინს ვერ აიძულებ, სამყაროსადმი მსგავსი ინტერესი ერთი ხელის მოსმით გააქროს. აქვე ის აღნიშნავს, რომ ამგვარი "ქიშპობა" ალოგიკურია. არსებობენ დიდი მკვლევრები, რომლებიც ღრმად მორწმუნეები არიან. ასეთი იყო, მაგალითად, ლემეტრი, კათოლიკე მღვდელი, რომელმაც დიდი აფეთქების თეორია ერთგვარ მეცნიერულ ჩარჩოში მოაქცია.

”კამათი მეცნიერებასა და რელიგიას შორის, აცდენილი თემაა, რადგან ესაა ადამიანის არსებობის, იდენტობის განმსაზღვრელი ორი სფერო. რელიგიაზე კამათი მეცნიერულად ან მეცნიერების ჩასწორება რელიგიურად, გამორიცხულია. რელიგია, ეს არის ჩვენი ტრანსცენდენტური ნაწილი, რომელიც, განმარტების თანახმად, არ ექვემდებარება არანაირ ემპირიულ აღქმას. ამაში მონაწილეობს ჩვენი ემოციები, ქვეცნობიერი და ა.შ. მეცნიერება კი დაფუძნებულია მეცნიერულ მეთოდზე", — აცხადებს დვალი.

ფოტო: medium

"თქვენ და მე შეგვიძლია მივიდეთ მეცნიერულ ჭეშმარიტებამდე, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რომელ რელიგიას წარმოვადგენთ. ეს არის უნივერსალური ენა, რომელიც დამოუკიდებელია ჩვენი ტრანსცენდენტური ნაწილისგან", — ამბობს ფიზიკოსი.

დვალის თქმით, აბსოლუტურ პირველსაწყისზე მსჯელობისას აუცილებელია, მეცნიერული კომპონენტი შემოვიტანოთ, რაც მხოლოდ ასეთ თემებზე მომუშავე პროფესიონალებს შეუძლიათ. ამის მიუხედავად, ხშირად მსგავს მსჯელობაში ისეთი ადამიანები ერთვებიან, რომლებსაც მეცნიერული ცოდნა არ ჰყოფნით და საკუთარი აზრის სისწორის დასამტკიცებლად ზედაპირულად გაგებული არგუმენტები მოჰყავთ.

ამგვარი მსჯელობის ცენტრში ხშირადაა სამყაროს "არაფრისგან" წარმოშობის საკითხი. მას რომ ჩავუღრმავდეთ, მივდივართ ინფლაციურ ეპოქამდე, როცა კოსმოსი საოცრად სწრაფად, ბუშტივით გაიბერა, საიდანაც ექსპერიმენტულად მხოლოდ ბოლო 60 "გაორმაგების" კვალს ვხედავთ, რომელიც ჩვენს ცაზეა ჩატეული. მანამდე შესაძლებელია ამ გაორმაგებების უსასრულო რაოდენობა.

ეს პროცესი ფირივით რომ გადაახვიო, სინგულარობას მიიღებ, ანუ მიხვალ ადგილამდე, სადაც მოქმედებს ფიზიკის კანონები, რომლებზეც ჩვენი გამოთვლითი აპარატი აღარ მუშაობს.

“სინგულარობა ნიშნავს, რომ მივადექით ჩვენი ცოდნის საზღვარს. ამის იქით ჩვენი თეორია საჭიროებს განახლებას, გაძლიერებას. იდეა არის ის, რომ არსებობდა რაღაც მდგომარეობა მანამდე, ამ მდგომარეობიდან კი მოხდა კვანტური გადასვლა და მივიღეთ სამყარო იმ ფორმით, რომელშიც უკვე ჩვენი გამოთვლები მუშაობს.

არაფერი, ეს არის ლეგიტიმური, კვანტური მდგომარეობა, რომელშიც სამყარო არსებობდა, უბრალოდ ამ მდგომარეობაში დრო არ იყო განმარტებული. კვანტური გადასვლა კი მოხდა მდგომარეობაში, სადაც სივრცისა და დროის განმარტება უკვე გვაქვს", — აცხადებს მეცნიერი.

მისი თქმით, მსგავსი ფიზიკური გადასვლა შესაძლოა, ჩვენს სამყაროს ბევრჯერ განეცადა და ამაში მისტიკური არაფერია.

"რელიგიას ვერც შეეწინააღმდეგები და ვერც დაამტკიცებ. ამით რელიგიას ვერ დაუპირისპირდები, ან მის სასარგებლოდ ვერ გამოიყენებ", — ასკვნის ის.

ვიდეოინტერვიუს სრულად ნახვა ქვემოთ მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ.

ასევე, იხილეთ:

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.