ეს ხორცისმჭამელი მცენარე მიწისქვეშ იმალება და მწერებით იკვებება
მეცნიერებმა ინდონეზიის კუნძულ ბორნეოზე ახალი სახეობის მცენარე გამოავლინეს, რომელიც თავის ბოლქვის მსგავს ფოთლებს მწერების დასაჭერად იყენებს. მსხვერპლს მცენარე გადამამუშავებელი წვენებით შლის. მეცნიერების თქმით, მცენარის ნადირობის ეს სტრატეგია, შეიძლება, მის ხელსაყრელ ევოლუციურ ადაპტაციად ჩაითვალოს.
აღსანიშნავია, რომ Nepenthes Pudica-ის სახეობის მცენარის ნადირობის სტრატეგია ამ ტიპის მცენარეებშიც კი უნიკალურია. მისი ფოთლები ერთგვარი ხაფანგებია, რომლებსაც ის მსხვერპლის დასაჭერად იყენებს. ხაფანგი ღრმა, ბოლქვის ფორმის მქონე ფოთოლია, რომელიც ფსკერზე გადამამუშავებელ სითხეს შეიცავს.
"ჩვენ ქოთანი მცენარე აღმოვაჩინეთ, რომელიც ყველა სხვა სახეობის მცენარისგან მკვეთრად განსხვავდება", — ამბობს მოხსენებაში კვლევის მთავარი ავტორი და ბოტანიკოსი მარტინ დანკაკი ჩეხეთის ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტიდან.
ძირითადად, Nepenthes გვარის მცენარეების ხაფანგები მიწის ზემოთ, ნიადაგის ზედაპირზე, ან ხეებზეა მოთავსებული. ისინი დაჭერილ მწერებს ღრმულის ფსკერზე გადამამუშავებელი წვენებით მოინელებენ. თუმცა, N. Pudica ასეთი მცენარეებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი ხაფანგები მიწის ქვეშაა განლაგებული.
"ამ სახეობის მცენარე თავის 11 სმ სიგრძის მოწითალო ფერის ქოთანს ან მიწისქვეშ, ან პირდაპირ ნიადაგში ათავსებს და ისეთ მწერებზე "ნადირობს", როგორებიც ჭიანჭველა, ტკიპა და ხოჭოა", — ამბობს დანკაკი.
"საინტერესოა, რომ ქოთნებში აქ მცხოვრები მრავალი ორგანიზმი აღმოვაჩინეთ, მათ შორის კოღოს ლარვები, ნემატოდები და ჭიის სახეობები, რომლებიც ასევე ახალ სახეობებს მიაკუთვნეს", — განმარტავს ვაცლავ ჩერმაკი მენდელის უნივერსიტეტიდან, რომელიც ასევე მონაწილეობდა კვლევაში.
"Nepenthes Pudica-ის ცოცხალი სტრატეგია, შესაძლოა, ხელსაყრელ ევოლუციურ ადაპტაციად მივიჩნიოთ. ხორცისმჭამელი მცენარეები დიდად არიან დამოკიდებულნი თავიანთ მსხვერპლზე, რომელიც მათ ორგანული საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს, რაც მათი გამრავლებისთვისაა საჭირო. აქედან გამომდინარე, მსხვერპლის დაჭერასთან დაკავშირებულ მახასიათებლებზე, შესაძლოა, ძლიერ სელექციურ ზეწოლას ემოქმედა", — წერენ მკვლევრები მოხსენებაში, რომელიც ჟურნალ PhytoKeys-ში გამოქვეყნდა.
აქედან გამომდინარე, მსხვერპლზე პოტენციურად მაღალი კონკურენცია და გარემო შეზღუდვები ტყეში (მაგალითად, მიწის ზედაპირის სიმშრალე) შეიძლება, მცენარეს ხაფანგების მიწისქვეშ გადატანით აეცილებინა თავიდან", — წერენ ისინი. სახეობა პირველად 2012 წელს ინდონეზიის პროვინცია ჩრდილო კალიმანტანში, კუნძულ ბორნეოზე აღმოაჩინეს.
ტერიტორიაზე მოგზაურობის დროს მკვლევრებმა Nepenthes გვარის მცენარეები დაინახეს, რომელთა ქოთნები არ ჩანდა. ტერიტორიის კვლევის დროს მათ მცენარე უკეთ შეისწავლეს და საბოლოოდ აღმოაჩინეს, რომ ეს ისეთი მტაცებელი მცენარე იყო, რომლის სამიზნესაც მიწისქვეშა სამყარო წარმოადგენს.
ეს აღმოჩენა კუნძულ ბორნეოს ბუნების კონსერვაციისთვის მნიშვნელოვანია, რადგან იგი ხაზს უსვამს მსოფლიო ბიომრავალფეროვნების ამ ცხელი წერტილის დაცვის აუცილებლობას.
"იმედი გვაქვს, რომ ამ უნიკალური ხორცისმჭამელი მცენარის აღმოჩენა, შესაძლოა, ბორნეოს ტყეების დაცვაში დაგვეხმაროს, განსაკუთრებით კი ხელუხლებელი ტყეების პალმის ზეთის პლანტაციებად გადაქცევის შენელებაში ან პრევენციაში", — დასძინა ვივენ ჯასმანტომ Yayasan Konservasi Biota Lahan Basah-დან (ჭარბტენიანი ბიოტას კონსერვაციის ფონდი).
კომენტარები