თვალში წამლების შესაყვანად შექმნეს ნემსი, რომელიც შიგნითვე რჩება და ბიოდეგრადაციას განიცდის
რაოდენ შემაძრწუნებლადაც არ უნდა ჟღერდეს, ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ მედიკამენტების თვალში შეყვანა ხდება ხოლმე საჭირო.
ამ დროს შესაძლოა, არაერთმა გართულებამ იჩინოს თავი — მაგალითად, ნემსის ჩარჭობის ადგილას ბაქტერია შეიჭრას და ბაქტერიული ინფექცია, ენდოფთალმიტი, გამოიწვიოს. ზედიზედ რამდენიმე ინიექციის შედეგად შესაძლოა, თვალის ქსოვილი დაზიანდეს, ბევრად უარეს შემთხვევაში კი — ხვრელში სიმსივნური უჯრედები მოხვდეს და გავრცელდეს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა თვალში წამლების შეყვანისათვის ახალი და, სავარაუდოდ, უკეთესი სისტემა შექმნა, რომელიც ამ გართულებებს არ გამოიწვევს. მათი კვლევა ჟურნალში Advanced Healthcare Materials გამოქვეყნდა.
მართალია, ახალმა ტექნიკამ გამოცდისას კარგად იმუშავა, თუმცა იგი ნემსების გამოყენებას მაინც საჭიროებს. მიუხედავად ამისა, ინფექციების კუთხით სარისკო რამდენიმე ინიექციის ნაცვლად, მეცნიერებმა ულტრათხელი მიკრონემსი შექმნეს, რომელიც თვალშივე რჩება და დროთა განმავლობაში ბიოდეგრადაციას განიცდის.
ნემსს ჰიდროგელის ერთგვარი "საცობი" აქვს, რომელიც ჩარჭობისას თვალში წარმოქმნილ ხვრელს ავსებს. შემდგომში მიკრონემსი თვალში წამალს გამოყოფს.
პროცესი დაახლოებით შემდეგნაირად გამოიყურება:
მკვლევრებმა ახალი სისტემა ორნაირად გამოცადეს. პირველად მათ მიკრონემსები ღორის ამოჭრილ თვალებში შეიყვანეს და იხილეს, რომ ინიექციის შემდგომ ხვრელები დაიხურა, წამალი კი თვალში მოლოდინის შესაბამისად გავრცელდა. ამის შემდეგ მათ მიკრონემსი ცოცხალ ღორს შეუყვანეს. გუნდს ინიექციის ადგილას არანაირი გამოჟონვა ან ანთება არ შეუნიშნავს, 7 დღის შემდეგ კი ნემსის წვერი კვლავაც იმავე ადგილას იყო.
"მონაცემები გვეუბნება, რომ მიკრონემსის წვერიდან გამოყოფილი წამალი თვალის მინისებრ ნამსა და რეტინაში წარმატებით გაიფანტა", — წერენ მკვლევრები.
რა თქმა უნდა, ჯერ ამგვარი ნემსები ფართოდ მანამ არ დაინერგება, სანამ სხვა სახეობებზე მეტად ხანგრძლივი კვლევებს არ ჩაატარებენ, ბოლოს კი ადამიანებისათვის მის უსაფრთხოებას კლინიკური ცდებით არ დაადასტურებენ.
კომენტარები