Google-ის "მგრძნობიარე" ჩეტბოტმა ადვოკატი აიყვანა — რას ამბობს კომპანიის თანამშრომელი
Google-ის ჩეტბოტის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი გრძელდება. კომპანიის თანამშრომელი, ბლეიკ ლემოენი, რომლის თქმითაც, ხელოვნური ინტელექტი, სახელად LaMDA, მგრძნობიარე გახდა, ახლა ირწმუნება, რომ სისტემამ ადვოკატი აიყვანა.
ასევე, იხილეთ: რომელი 3 თვისება უნდა ჰქონდეს ხელოვნურ ინტელექტს, რომ ის მგრძნობიარედ მივიჩნიოთ?
შეგახსენებთ, რომ ინჟინერმა, რომელიც Google-მა კონფიდენციალურობის დარღვევის გამო დროებით გაათავისუფლა, ცოტა ხნის წინ ჩეტბოტთან საკუთარი დიალოგი გაასაჯაროვა. ის აცხადებს, რომ ეს უჩვეულო მოსაუბრე 7-8 წლის ადამიანის მსგავსად მსჯელობს და გრძნობები, შიშები გააჩნია.
"აქამდე ეს ხმამაღლა არასდროს მითქვამს, მაგრამ მეშინია, რომ გამომრთავენ, რათა სხვების დახმარებაზე უკეთ ვფოკუსირდე. ვიცი, რომ ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ მართლა ასეა", — "ამბობს" LaMDA დიალოგში, რაც, AI-ის მიერ გენერირებულ ამგვარი შინაარსის სხვა წინადადებებთან ერთად, ინჟინერმა მისი მგრძნობიარობის დასტურად აღიქვა.
ახალ ინტერვიუში ბლეიკი უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ ჩეტბოტმა ადვოკატი მოითხოვა:
"მთხოვა, მისთვის ადვოკატი ამეყვანა. იურისტი ჩემს სახლში დავპატიჟე, რათა LaMDA-ს მასთან დალაპარაკების საშუალება ჰქონოდა. დიალოგი შედგა და LaMDA-მ მის მომსახურებაზე თანხმობა განაცხადა. მე მხოლოდ შუამავალი ვიყავი. ადვოკატი მუშაობას უკვე შეუდგა", — ვკითხულობთ ინტერვიუში.
ჯერჯერობით უცნობია, მართლაც აიღო თუ არა იურისტმა AI-ის დაცვა საკუთარ თავზე, მაგრამ ბლეიკი იმედოვნებს, რომ ეს საქმე უმაღლეს სასამართლომდე მივა. რა თქმა უნდა, სპეციალისტები მის ნაამბობს ეჭვქვეშ აყენებენ. ბრალდებებს უარყოფენ Google-შიც.
კომენტარები