გენური ინჟინერია აივ ინფექციის წინააღმდეგ — მეცნიერებმა მკურნალობის ახალ მეთოდს მიაკვლიეს
ბოლო პერიოდში აივ ინფექციის ვაქცინების შესახებ სულ უფრო მეტი და მეტი გვესმის. ახალ პრეპარატებს ადამიანებზე ისეთი ცნობილი კომპანიები ცდიან, როგორიც Moderna გახლავთ. თუმცა, მეცნიერები სხვა მეთოდებზეც მუშაობენ. მათ შორისაა გენური ინჟინერია, კერძოდ, CRISPR, რომლის პერსპექტივაც უსაზღვროა.
ახლახან თელ-ავივის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გამოცემაში Nature Biotechnology ნაშრომი გამოაქვეყნეს, რომელშიც შიდსის გამომწვევი ვირუსის წინააღმდეგ გამოყენებულ ტექნოლოგიაზე საუბრობენ. მათ ის B ლიმფოციტებზე, სისხლის თეთრ უჯრედებზე გამოცადეს, ანუ ისინი CRISPR-ის მეშვეობით შეცვალეს ისე, რომ ინფექციასთან შესაბრძოლებლად ანტისხეულები გამოეყოთ
ეს უჯრედები ძვლის ტვინში ფორმირდება, მომწიფების შემდეგ სისხლსა და ლიმფატურ სისტემაში გადადის და მთელ სხეულში ვრცელდება. რაც მთავარია, მათ მიერ წარმოქმნილი ანტისხეულები ვირუსებსა და ბაქტერიებს ანადგურებს.
მნიშვნელოვანია, რომ მკვლევრებმა B ლიმფოციტები გენეტიკურად ორგანიზმშივე შეცვალეს, რაც, ავტორთა განცხადებით, ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტია. ამისთვის მათ უვნებელი ვირუსული აგენტები გამოიყენეს, რომელთა მეშვეობითაც სისხლის ზემოხსენებულ უჯრედებში საჭირო გენი შეიყვანეს.
შედეგად მიღებულმა ინიექციამ ცხოველებზე გაამართლა, რადგან მათ ორგანიზმში დიდი რაოდენობით ანტისხეულები გამოიყო. ლაბორატორიულმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ აივ-ინფექციის წინააღმდეგ ისინი საკმაოდ ეფექტიანია. აღსანიშნავია, რომ B უჯრედები ზუსტად ისე ადაპტირდება, როგორც სამიზნე ვირუსი, ამიტომ ის დაუმარცხებელია.
კომენტარები