ჩინეთში აცხადებენ, რომ, სავარაუდოდ, არამიწიერი ცივილიზაციისგან მომავალი სიგნალები დააფიქსირეს
ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს კუთვნილ ვებგვერდზე Science and Technology Daily ცოტა ხნის წინ სიახლე გამოქვეყნდა, რომელშიც სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ, სავარაუდოდ, არამიწიერი ცივილიზაციისგან მომავალი სიგნალები დააფიქსირეს. მას შემდეგ, სტატია, რატომღაც, წაიშალა, თუმცა ეს ამბავი ადგილობრივ სოციალურ მედია Weibo-სა და სხვადასხვა მედიაში იმ დროისთვის უკვე გავრცელებული იყო.
საუბარია სიხშირეთა ვიწრო დიაპაზონის ელექტრომაგნიტურ სიგნალებზე, რომლებიც ჩინეთის გუიჯოუს პროვინციაში მდებარე რადიოტელესკოპით Tianyan (ცის თვალი) აღმოაჩინეს. არამიწიერი ცივილიზაციების ძებნაზე ორიენტირებული გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერის თქმით, ეს სიგნალები აქამდე დაფიქსირებულისგან განსხვავდება და მას დეტალურად იკვლევენ.
500 მეტრი დიამეტრის მქონე რადიოტელესკოპი უცხოპლანეტელთა ტექნოლოგიური კვალის ძიებას 2020 წლიდან შეუდგა. როგორც ცნობილი გახდა. მასზე მომუშავე მეცნიერებმა საეჭვო სიგნალები ჯერ პირველსავე წელს, შემდეგ კი 2022-ში გამოავლინეს, როცა ეგზოპლანეტების მონაცემებს აანალიზებდნენ.
Tianyan საკმაოდ მძლავრი ხელსაწყო გახლავთ, რომელიც დაბალი სიხშირის ტალღების მიმართ განსაკუთრებულად მგრძნობიარეა. აქედან გამომდინარე, არამიწიერი ცივილიზაციის პოვნის მხრივ, მასზე სპეციალისტები დიდ იმედს ამყარებენ, რაც ოფიციალურ ანგარიშშიც იყო ნათქვამი.
პირველწყაროდან სტატიის წაშლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქმე შესაძლოა, სულ სხვა რამესთან გვქონდეს, როგორიც, მაგალითად, ელექტრომაგნიტური ინტერფერენციაა. ამის დადგენას მეცნიერები უკვე ცდილობენ.
კომენტარები