Internet Explorer ოფიციალურად გვემშვიდობება — ბრაუზერის 27-წლიანი ისტორია დასრულდა
ყველასთვის კარგად ცნობილი, თუმცა უკვე ნაკლებად გამოყენებადი ვებ ბრაუზერი, კომპანია Microsoft-ის მიერ შექმნილი Internet Explorer, არსებობის 27-წლიანი ისტორიის შემდეგ, ოფიციალურად უქმდება. ამის შესახებ ინფორმაცია ტექნოლოგიურმა გიგანტმა ახლახან გაავრცელა.
ის მომხმარებლებს 15 ივნისს დაემშვიდობება, ასე რომ თუ გსურთ, მას ბოლოჯერ ეწვიოთ, სჯობს, აღარ დააყოვნოთ.
ეს ბრაუზერი პირველად ოპერაციულ სისტემაში Windows 95 გამოჩნდა და პოპულარობის მწვერვალს 2003 წელს მიაღწია. მას შემდეგ ბაზარს მძლავრი კონკურენტები შემოუერთდა, როგორიცაა Google Chrome, Safari და Mozilla Firefox. ამან 90-იან წლებში სახელგანთქმულ Internet Explorer-ს ძირი გამოუთხარა, რის საბოლოო შედეგსაც უკვე ვხედავთ.
როგორც ჩანს, კომპანია ცდილობს, სწრაფად და მარტივად გადაერთოს ახალ ვებ ბრაუზერ Microsoft Edge-ზე, რომელიც Internet Explorer-ს ჩაანაცვლებს. პრესრელიზის მიხედვით, ამ პლატფორმას სპეციალური რეჟიმი აქვს, რომლითაც Internet Explorer-ზე დაფუძნებულ საიტებსა და აპლიკაციებს გამოიყენებთ.
Microsoft მომხმარებლებს ურჩევს, რომ ძველიდან ახალ ბრაუზერზე რაც შეიძლება სწრაფად გადავიდნენ და სხვადასხვა სახის პირადი ინფორმაცია თუ საჭირო მონაცემები Edge-ზე გადაიტანონ.
საყურადღებოა, რომ Internet Explorer-ის გაუქმება არ ვრცელდება Windows 10 LTSC-სა და Server Internet Explorer 11-ს დესკტოპ აპლიკაციებზე. სრული ჩამონათვალის სანახავად, გადადით ბმულზე.
კომენტარები