ისრაელში დაფუძნებულმა თავდაცვითი შეიარაღების მწარმოებელმა კომპანია SpearUAV-მა წარმოადგინა კვადკოპტერის დრონი, Ninox 103 UW UAS, რომლის გაშვება შესაძლებელია წყალქვეშა ნავით. ეს, რა თქმა უნდა, ზედაპირზე ასვლის გარეშე. ინფორმაციას New Atlas ავრცელებს.

დაარსებული საჰაერო ძალების ვეტერანების მიერ, Spear UAV ისრაელის თავდაცვის სამინისტროსთან უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს. კომპანიას უპილოტო საფრენი აპარატების მთელი რიგი არჩევანი აქვს: მათი გაშვება შესაძლებელია როგორც ტანკებიდან ისე მობილური საბრძოლო მანქანებიდან. შესაბამისად, დრონი, რომლის გაშვებაც შესაძლებელია წყალქვეშა პლატფორმიდან, როგორც ჩანს, შემდეგი ეტაპია.

დროსთან ერთად დრონები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ავტონომიური მოწყობილობების გამოყენება შესამჩნევად გაიზარდა ყველა სამხედრო მიმართულებაში. აქტიურად მუშავდება წყალქვეშა საბრძოლო, მობილური ობიექტები.

და მაინც, რატომ სჭირდება წყალქვეშა ნავს საჰაერო დრონი?


ყველა მათი ტაქტიკური უპირატესობის მიუხედავად, წყალქვეშა პლატფორმებს აქვთ სერიოზული მინუსი — ვერ ხედავენ თავიანთი დიაპაზონის მიღმა. წლების განმავლობაში, ინოვატორები ცდილობდნენ გამოეყენებინათ სხვადასხვა მფრინავი ობიექტები, როგორიცაა სპეციალური წყალქვეშა თვითმფრინავები, რათა წყალქვეშა ნავების ხედვის დიაპაზონი გაზრდილიყო. თუმცა, იმისათვის, რომ ეს შეძლოს, წყალქვეშა ნავი უნდა ამოვიდეს წყლის ზედაპირზე.

Ninox 103 UW UAS-ის ახალ დრონს კი მუშაობა ისე შეუძლია, რომ ის წყლის სიღრმიდან იმართება. წყლის სიღრმიდანვე ხდება მისი გაშვება და მას კილომეტრებით დაშორებული სივრცის დაკვირვება შეუძლია.

როგორ მუშაობს?

ახალი მოწყობილობა კომპანიის ინკაფსულირებული კვადკოპტერის დრონის, Ninox 103-ის განახლებული ვერსიაა. მას ეუძლია ერთი კილოგრამი ტვირთის გადაზიდვა და უძლებს ცუდ ამინდს.

უპილოტო საჰაერო სისტემას გაშვების შემდეგ 24 საათის განმავლობაში პასიურ რეჟიმში ყოფნა შეუძლია. შესაბამისად, წყალქვეშა ნავს აქვს პრივილეგია დრონი ადრე გაუშვას და შემდეგ ლოკაციას დიდი მანძილით დაშორდეს.

უშუალოდ ჰაერში გაშვების შემდეგ დრონი 10 კილომეტრს ფარავს და 45 წუთის განმავლობაში თავისუფლად ფუნქციონირებს. მოწყობილობას დაბალი აკუსტიკური, თერმული და ვიზუალური ასპექტები აქვს, რაც ამცირებს მისი აღმოჩენის ალბათობას. დრონში ჩაშენებულია ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ავტომატურად შეუძლია სამიზნის ამორჩევა.

SpearUAV-მ უკვე გამოსცადა დრონი და ახლა მუშაობს სხვა თავდაცვის კომპანიებთან, რათა მოწყობილობა კიდევ უფრო დაიხვეწოს. ინფორმაციას New Atlas ავრცელებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.