NASA-ს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე უჩვეულო, ტალღოვანი შვერილები დააფიქსირა
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA ) მიერ მარსზე გაშვებულმა მავალმა Curiosity იქ უჩვეულო გეოლოგიური წარმონაქმნები დააფიქსირა. ეს გახლავთ ქვის ტალღოვანი შვერილები, რომლებიც გეილის კრატერში მდებარეობს.
მათი ამსახველი სურათი აპარატზე დამონტაჟებულმა კამერამ მიმდინარე წლის 15 მაისს გადაიღო, თუმცა ფოტო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ის SETI-ს ინსტიტუტის (არამიწიერი გონიერი ცივილიზაციის ძიებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია) ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა.
პოსტში ვკითხულობთ, რომ ეს უცნაური შვერილები, დიდი ალბათობით, დანალექი ქანების შიგთავსია, რომელიც მსგავსი ფორმით ქვის დანარჩენი ნაწილის ეროზიის შედეგად შენარჩუნდა. ამის მიზეზი ისაა, რომ მატერია, რომელიც მას გარს აკრავდა, უფრო მარტივად დაშლადი იყო.
შეგახსენებთ, რომ ჩვენს მეზობელ წითელ პლანეტაზე საკმაოდ მკაცრი პირობებია, მათ შორის მოიაზრება თხელი ატმოსფერო, ძლიერი ქარი და მტვრის ქარიშხლები. ეს ყველაფერი მარსზე ასეთი უცნაური წარმონაქმნების ფორმირებას უწყობს ხელს. მათი შესწავლა ციური სხეულის წარსულის, კლიმატისა და გეოლოგიური დეტალების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
კომენტარები