ჩინურ კოსმოსურ სადგურს ახალი ეკიპაჟი ჰყავს
ჩინურ კოსმოსურ სადგურს, რომელიც Tiangong-ის სახელითაა ცნობილი, ახალი ეკიპაჟი ჰყავს. 3 ასტრონავტი იქ მისია Shenzhou 14-ის ფარგლებში, გობის უდაბნოში განლაგებული კოსმოდრომიდან 5 ივნისს გაემგზავრა და დანიშნულების ადგილამდე გაშვებიდან დაახლოებით 6 საათში მიაღწია.
როგორც ცნობილია, ასტრონავტები Tianhe-დ წოდებულ ცენტრალურ მოდულში ნახევარ წელს გაატარებენ და მას დამატებითი მოდულების მიერთებისთვის მოამზადებენ. ამ დროის განმავლობაში ისინი სამეცნიერო სამუშაოშიც ჩაებმებიან და ახალი ხელსაწყოების დასამონტაჟებლად ღია კოსმოსში გავლენ.
მოდულებს, სახელად Wentian და Mengtian, კოსმოსში მიმდინარე წლის ივლისსა და ოქტომბერში გაუშვებენ. მათი მიერთების შედეგად კი დედამიწის ორბიტაზე მოძრავ T-ს ფორმის სადგურს მივიღებთ. ის ზომით ISS-ზე ბევრად პატარა იქნება.
პირველი ეკიპაჟიანი მისია, Shenzhou 12, იქ 2021 წლის ივნისში განხორციელდა და 3 თვე გაგრძელდა, მეორე კი, 6-თვიანი Shenzhou 13, ოქტომბერში შედგა. ამ უკანასკნელში მონაწილე ასტრონავტები დედამიწაზე აპრილში დაბრუნდნენ. რაც შეეხება მისია Shenzhou 15-ს, ის წლის ბოლოსთვისაა ჩანიშნული. შეიძლება ეს იყოს პირველი შემთხვევა, როცა Tiangong-ში მყოფი ძველი ეკიპაჟი ახალთან გადაიკვეთება.
კომენტარები