მეცნიერებმა მსოფლიოში უდიდესი მცენარე აღმოაჩინეს
მეცნიერებმა დასავლეთ ავსტრალიის სანაპიროზე, შარკის ყურეში, მსოფლიოში უდიდესი მცენარე აღმოაჩინეს, რომელიც ზომით მანჰეტენს თითქმის 3-ჯერ აღემატება. ეს გახლავთ ზღვის ყვავილოვანი ლენტისებრი ბალახის უზარმაზარი მდელო, რომელიც დაახლოებით 200 კვადრატულ კილომეტრ ფართობზეა გადაჭიმული.
სპეციალისტებმა ზღვის მცენარეთა გენეტიკური მრავალფეროვნების შესასწავლად ავსტრალიის სანაპიროდან ნიმუშები აიღეს და 18 000 გენეტიკური მარკერი გამოიკვლიეს, რათა თითოეული მათგანის ინდივიდუალური მახასიათებლები გამოევლინათ. მიზანი იმის დადგენა იყო, თუ რამდენი სახეობისგან შედგებოდა ზემოხსენებული მდელო. შედეგად მიღებული პასუხი, არც მეტი, არც ნაკლები, 1-ა.
უკეთ რომ ავხსნათ, ეს არის ზღვის მცენარეთა მდელო, რომელიც ერთადერთი თესლისგან გავრცელდა. აღნიშნული სახეობა წელიწადში 35 სანტიმეტრით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ამ ზომამდე მისაღწევად 4 500 წელი დასჭირდა.
უნდა ითქვას ისიც, რომ გასაოცარი მასშტაბების გარდა, ის გამძლეობითაც გამოირჩევა, რადგან უდიდეს ტერიტორიაზე სხვადასხვა გარემოში არსებობს. კერძოდ, განსხვავებული მარილიანობის, ტემპერატურისა და სინათლის მქონე არეალში ძლებს, რაც, როგორც წესი, ძალიან რთულია.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the Royal Society B გამოქვეყნდა.
კომენტარები