როდის გახდება კაცობრიობა პლანეტათაშორისი ცივილიზაცია? — ახალი კვლევის მიხედვით, ამასთან ახლოს ვართ
8 სპეციალისტისგან შემდგარმა გუნდმა ახლახან სამეცნიერო პორტალ Arxiv-ზე ნაშრომი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, კაცობრიობა პლანეტათაშორის ცივილიზაციად გარდაქმნისთვის აუცილებელ ტექნოლოგიურ დონეს უახლოეს 200 წელში მიაღწევს.
ეს ვარაუდი კარდაშევის სკალას ეფუძნება, რომელიც ტექნოლოგიური განვითარების სხვადასხვა საფეხურს აღწერს. 1964 წელს შექმნილი მოდელი ენერგიის წყაროების ათვისებაზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, რაც უფრო მეტ რესურსს ვიყენებთ, მით უფრო მაღალ დონეზე ავდივართ.
უკანასკნელი კვლევის შემთხვევაში, საუბარია I ტიპის ცივილიზაციაზე, რომლის წოდებასაც, მეცნიერთა აზრით, 2371 წლამდე "დავიმსახურებთ". ამისთვის საჭიროა, დედამიწაზე არსებული ენერგიის მთავარი წყაროები ბოლომდე ავითვისოთ. ასეთია, მაგალითად, ბირთვული და სხვა სახის განახლებადი ენერგია, რომლის მიღების გზებზეც უკვე ვმუშაობთ.
ამის შემდეგ მოდის II ტიპის ცივილიზაცია, რომელიც ენერგიას უკვე სისტემის ცენტრალური ვარსკვლავისგან იღებს, როგორიც ჩვენი მზეა. III ტიპის ცივილიზაციის მასშტაბები კი იმდენად იზრდება, რომ ის მთლიანი გალაქტიკის რესურსს უყენებს.
ნაშრომის ავტორთა განცხადებით, ადამიანებს დედამიწის დატოვება დასჭირდებათ, რათა მომავალში მოსალოდნელ კატაკლიზმებს გადაურჩნენ. თუმცა, პლანეტათაშორის ცივილიზაციად გადასაქცევად ჯერ კლიმატის ცვლილებას უნდა შევეწინააღმდეგოთ და ენერგიის განახლებად წყაროებზე ვკონცენტრირდეთ, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება.
კომენტარები