NASA-ს მარსმავლის ჩანაწერებით დადგინდა, რომ წითელ პლანეტაზე ხმები სეზონებთან ერთად იცვლება
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მარსმავალი პერსევერანსი წითელ პლანეტაზე არსებულ ბუნებრივ ხმებს იწერს, რასაც მასზე დამონტაჟებული მიკროფონების მეშვეობით ახერხებს. ამ მხრივ ის დებიუტანტია, რადგან მსგავსი პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა.
მეცნიერებმა ეს მონაცემები 5-საათიან ჩანაწერში გააერთიანეს, რომელიც ცხადყოფს, რომ მარსი ძალიან ჩუმი პლანეტაა — იქაური ხმები, დედამიწისას დაახლოებით 20 დეციბელით ჩამოუვარდება.
"იქ ისეთი სიჩუმეა, რომ ერთ მომენტში ვიფიქრეთ, მიკროფონს ხომ არ სჭირდა რამე", — ამბობენ NASA-ში.
მწირი აუდიომასალის მიუხედავად, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ წითელ პლანეტაზე ქარი საკმაოდ ცვალებადია, რადგან შესაძლოა, სუსტი სიო ძლიერმა მონაბერმა მოულოდნელად ჩაანაცვლოს. გაირკვა ისიც, რომ იქ ბგერას სხვაგვარი სიჩქარე აქვს, რაც ატმოსფეროს ტემპერატურასა და სიმკვრივეზეა დამოკიდებული. კერძოდ, მაღალი ბგერების ტალღები უფრო სწრაფად გადაადგილდება, ვიდრე დაბლის.
"ჩვენს მზის სისტემაში მარსი ერთადერთი ადგილია, სადაც ეს მოსმენად სიხშირეში ხდება, რაც ატმოსფეროს შემადგენელი ნახშირორჟანგის მოლეკულების უნიკალური მახასიათებლების დამსახურებაა", — აცხადებენ მკვლევრები.
სწორედ ნახშირორჟანგის მოლეკულებითაა გამოწვეული ისიც, რომ მარსზე სეზონებთან ერთად ხმებიც სხვადასხვაგვარია. როცა ზამთარში ციური სხეულის პოლუსების მიმდებარედ CO2 იყინება, ატმოსფერო ნაკლებად მკვრივი ხდება. ამის გათვალისწინებით, სეზონების განმავლობაში ჟღერადობა 20 პროცენტით იცვლება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები