NASA-ს აპარატმა მარსზე უკანასკნელი სელფი გადაიღო — მისია InSight სრულდება
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ მარსზე გაშვებულმა აპარატმა InSight დედამიწაზე უკანასკნელი სელფი გამოგზავნა. საქმე იმაშია, რომ 3 წელზე მეტხნიანი მისია დასასრულს უახლოვდება.
NASA-მ ახლახან ტვიტერზე წითელ პლანეტაზე 2018 წელს გაშვებული დასაშვები მოდულის ადრინდელი და ბოლო სურათი გამოაქვეყნა, რომელთა შედარებაც განსხვავებას ნათლად გვიჩვენებს. კერძოდ, იმას, რომ ხომალდის მზის პანელების ზედაპირი ამჟამად მთლიანად მტვრითაა დაფარული.
სააგენტოს ინფორმაციით, მისია დეკემბრამდე დასრულდება, რადგან InSight საკმარისი ენერგიის გამომუშავებას ვეღარ შეძლებს. აქამდე მზის პანელების მეშვეობით ის ყოველდღე 5 000 ვტ/სთ ენერგიას იღებდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 500 ვტ/სთ-მდე დაეცა.
"ქარმა მტვრის მხოლოდ 25 პროცენტიც რომ გაფანტოს, აპარატი ყოველდღიურად 1 000 ვტ/სთ ენერგიაზე ავა, რაც მეცნიერული სამუშაოების გასაგრძელებლად საკმარისია. ამის მიუხედავად, ახლანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, InSight-ის არასეისმური ხელსაწყოები მაისის ბოლოდან უკვე ძნელად თუ ჩაირთვება", — აცხადებენ NASA-ში.
აღსანიშნავია, რომ მტვრის მოსაცილებლად ხომალდზე დამონტაჟებული მექანიკური ხელი გამოიყენებოდა, თუმცა ნადები იმდენად სწრაფად გროვდება, რომ საკმარისი ენერგიის გარეშე ეს ხელსაწყო ვეღარაფერს შეცვლის.
შეგახსენებთ, რომ InSight წითელ პლანეტაზე სეისმურ აქტიურობას იკვლევდა, ეს კი პლანეტის შიდა სტრუქტურაზე გვაწვდიდა ინფორმაციას. მან ახლახან რეკორდულად მძლავრი, 5 მაგნიტუდის მქონე "მარსძვრაც" დააფიქსირა. ასევე, უნდა ითქვას, რომ მისია ისედაც იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე დაგეგმილი იყო, რაც მის წარმატებაზე მიანიშნებს.
ვინ იცის, იქნებ, ოდესმე ამ ისტორიულ ხომალდამდე მარსზე გაგზავნილმა ასტრონავტებმა მიაღწიონ და ის მომავალი თაობებისთვის დედამიწაზე დააბრუნონ, მაგრამ ამ ეტაპზე მას უნდა დავემშვიდობოთ.
კომენტარები