წყნარ ოკეანეში "ზვიგენების ვულკანი" ამოიფრქვა — NASA
ახლახან წყნარ ოკეანეში ამოიფრქვა წყალქვეშა ვულკანი, რომელშიც უამრავი ზვიგენი იყრიდა თავს.
NASA-ს დედამიწის ობსერვატორიის უწყებით, სოლომონის კუნძულებში მდებარე კავაჩის ვულკანი (პაპუა ახალი გვინეის აღმოსავლეთით) ოქტომბრიდან მოყოლებული იფრქვევა. შესაძლოა, ეს ზვიგენებისათვის საზიანო აღმოჩნდეს, რადგან ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენა ექნება ამოფრქვევას იმ ორ სახეობაზე, რომელიც წყლით დაფარულ კრატერში 2014 წელს ვულკანის ბოლო ამოფრქვევის შემდეგ ბინადრობს.
ორივე სახეობა, თავჩაქუჩა თევზი და აბრეშუმისებრი ზვიგენი, კავაჩიზე ბინადრობს. მეცნიერებმა დაზუსტებით ჯერაც არ იციან, თუ რატომ მოიყარეს მათ თავი ამ ადგილას. როგორც 2016 წელს მკვლევრები ჟურნალ Oceanography-ში წერდნენ, კავაჩიზე მათი არსებობა ახალ კითხვებს წარმოშობს "აქტიური წყალქვეშა ვულკანების ეკოლოგიისა და იმ ექსტრემალური პირობების მქონე ადგილების შესახებ, რომლებშიც ზღვის დიდ ცხოველებს შეუძლიათ არსებობა".
აღსანიშნავია, რომ წყალქვეშა ვულკანში მხოლოდ ზვიგენები არ ბინადრობენ — მეცნიერებმა კრატერში Hexatrygon bickelli სახეობისა და Lutjanidae ოჯახის წარმომადგენელი თევზებიც შენიშნეს. როგორც NASA-ში აღნიშნავენ, აქ გოგირდის მოყვარული "მიკრობული საზოგადოებაც" კარგად ხარობს.
კომენტარები