ნახეთ: NASA-ს მავალმა მარსზე კლდეში გაჭრილი შესასვლელის მსგავსი სტრუქტურა დააფიქსირა
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მარსმავალმა Curiosity წითელ პლანეტაზე კლდეში გაჭრილი შესასვლელის მსგავსი სტრუქტურა გადაიღო, რასაც ინტერნეტსივრცეში სრულიად მოსალოდნელი ინტერპრეტაციაც მოჰყვა.
ერთი შეხედვით, ეს შესაძლოა, მარსზე არსებული არამიწიერი ცივილიზაციის ნამოქმედარად, სხვა სამყაროში გადასასვლელ პორტალად ან პლანეტის ცენტრში ჩამავალ გვირაბად მოგვეჩვენოს, მაგრამ თუ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს გავცდებით, ამ ყველაფერს სხვა ახსნაც მოეძებნება.
სავარაუდოდ, საქმე ბუნებრივ გეოლოგიურ პროცესთან გვაქვს, კერძოდ, გარკვეული ზემოქმედების შედეგად, კლდის შემადგენელი ქანის დანაწევრებასთან. არაა გამორიცხული, რომ ამის მაპროვოცირებელი მიზეზი "მარსძვრა" იყოს. მაგალითად, ისეთი მძლავრი სეისმური აქტიურობა, როგორიც NASA-ს აპარატმა InSight მიმდინარე წლის 4 მაისს დააფიქსირა.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სურათზე აღბეჭდილი წარმონაქმნი მიახლოებულ კადრში დიდი ზომის ჩანს, თუმცა რეალურად ის შეიძლება სულ რამდენიმე სანტიმეტრი სიგრძის იყოს. აღსანიშნავია, რომ სხვა ციურ სხეულზე მსგავსი იდუმალი სტრუქტურები აქამდეც შეგვინიშნავს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, უცხო ცივილიზაციის კვალი არცერთი მათგანი აღმოჩენილა.
დეტალური გამოსახულება იხილეთ ბმულზე.
კომენტარები