ბილ გეიტსის თქმით, ილონ მასკმა, შესაძლოა, Twitter-ს უარესი დამართოს
მთავარი აღმასრულებელი დირექტორის საბჭოს სამიტზე გამოსვლისას, რომელსაც Wall Street Journal-მა უმასპინძლა, ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ მას ილონ მასკის ხელში Twitter-ის მომავალი აეჭვებდა, რადგან მილიარდერმა პლატფორმას, შესაძლოა, უარესი დამართოს.
გეიტსმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშკარა გახდა, რომ Twitter-ის საქმეებს მასკი გაუძღვებოდა. მასკის მიერ პლატფორმის ყიდვას გამოეხმაურნენ სხვა მილიარდერებიც, მათ შორის Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსიც. მასკს, რომელიც საკუთარ თავს "სიტყვის თავისუფლების აბსოლუტისტს" უწოდებს, უნდა, რომ პლატფორმამ შინაარსის კონტროლის მიმართულებით ერთი ნაბიჯით უკან დაიხიოს. ექსპერტები შიშობენ, რომ ეს Twitter-ზე სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის პრობლემას გაამწვავებს.
ცოტა ხნის წინ მასკმა ტვიტერი გეიტსის დასაცინად გამოიყენა და იგი Tesla-ის აქციების გაყიდვაში დაადანაშაულა. ინტერნეტში ორი მილიარდერის მიმოწერამაც გაჟონა, რის შემდეგაც, Business Insider-ის მიხედვით, მათ ფილანთროპიულ საქმეზე ერთად მუშაობაზეც თქვეს უარი.
ასევე იხილეთ: ინტერნეტში ილონ მასკისა და ბილ გეიტსის მიმოწერამ გაჟონა — მილიარდერებს უთანხმოება აქვთ
როგორც ჩანს, მასკი იმან განაცვიფრა, რომ გეიტსმა იმ კომპანიის აქციების ფასის დაცემაზე დადო ფსონი, რომელიც ყველაფერს აკეთებს კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად. ამის შემდეგ მან გეიტსისა და ორსული კაცის ემოჯის შედარებაც დატვიტა.
როდესაც მილიარდერს ტვიტერზე მასკის კომენტარების შესახებ ჰკითხეს, Microsoft-ის თანადამფუძნებელმა განაცხადა, რომ მას ეს არ აწუხებდა. მასკმა არაერთხელ გააკეთა აქცენტი ტვიტერზე "სიტყვის თავისუფლების" შესახებ, რაზეც გეიტსმა შეშფოთება გამოთქვა და დაამატა, რომ, შესაძლოა, ახალმა მფლობელმა სოციალურ ქსელს უარესი დამართოს.
გეიტსმა მასკის კომპანიების, SpaceX-ისა და Tesla-ის წარმატებასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მასკის მიერ ტვიტერის შეძენის შესახებ საღი აზრი უნდა შევინარჩუნოთ და ილონი არასაკმარისად არ შევაფასოთ.
მან ისიც დაამატა, რომ მასკს აქვს უნარი, შეკრიბოს ინჟინრების გუნდი და ნაკლებად თამამად წარმოაჩინოს ისინი. თუ Twitter-ს მხოლოდ ფული და ინჟინრები უშველის, მაშინ, გეიტსის თქმით, მასკიც ისევე შეძლებს ამას, როგორც Twitter-ის გუნდის ნებისმიერი წევრი.
გეიტსის კომენტარი წინ უძღოდა მის განაცხადს სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ. მილიარდერმა ყურადღება გაამახვილა პანდემიის დროს პლატფორმაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებით იგი ადამიანების ადგილსამყოფელს ადევნებდა თვალს და თავის თავს დეზინფორმაციის სამიზნე უწოდა. მან ეჭვი გამოთქვა, იყო თუ არა ეს ის ინფორმაცია, რომლის დაშვებაც მასკს მის ახლადშეძენილ პლატფორმაზე უნდა.
რაც შეეხება მასკის ბრალდებას ტესლას აქციების გაყიდვის შესახებ, გეიტსმა განაცხადა, რომ მისი პოზიცია აქციების ფასებზე არ იყო მისი სერიოზულობის მაჩვენებელი კლიმატის ცვლილების პრობლემის მიმართ და მოიწონა Tesla-ის როლი ამ პრობლემასთან ბრძოლაში. აღსანიშნავია, რომ გეიტსმა ადრეც შეაქო მასკის კომპანია ამ საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
კომენტარები