სად მთავრდება დედამიწა და იწყება კოსმოსი — ყველაფერი, რაც კარმანის ხაზზე უნდა ვიცოდეთ
მთამსვლელებს ევერესტზე ასვლისას თან ყოველთვის ჟანგბადის ბალონები მიაქვთ, რათა დიდ სიმაღლეზე თავისუფლად ისუნთქონ. ეს საჭიროა, რადგან, რაც უფრო ვუახლოვდებით დედამიწის ატმოსფეროს დასასრულს, მით ნაკლებია ჟანგბადის კონცენტრაცია ზღვის დონესთან შედარებით.
ეს დედამიწის ატმოსფეროს ცვალებადობის ერთ-ერთი მაგალითია. ცვალებადია მისი თითოეული შრის ელემენტარული შედგენილობაც, ზღვის დონესთან ახლოს არსებული ტროპოსფეროსი იქნება ეს თუ ყველაზე შორეული ეგზოსფეროსი. National Weather Service-ს თუ დავუჯერებთ, თითოეული შრის დასასრულსა და დასაწყისს ოთხი ძირითადი თავისებურების მიხედვით განსაზღვრავენ: ტემპერატურის ცვლილება, ქიმიური შედგენილობა, სიმკვრივე და მის შიგნით აირების მოძრაობა.
მაშ, შემდეგნაირად დავსვათ კითხვა: მაინც სად მთავრდება დედამიწის ატმოსფერო? საიდან იწყება კოსმოსი?
ატმოსფეროს თითოეული შრე პლანეტაზე სიცოცხლის შენარჩუნებაში გარკვეულ როლს ასრულებს. NASA-ს მიხედვით, იგი ბლოკავს კიბოს გამომწვევ რადიაციას, აგენერირებს წყლის წარმოსაქმნელად საჭირო წნევას და ა.შ.
"რაც უფრო შორდებით დედამიწას, ატმოსფეროს სიმკვრივე მით უფრო იკლებს", — განაცხადა კატრინა ბოსერტმა, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკოსმა, Live Science-თან საუბრისას — "ასევე იცვლება შედგენილობაც, უფრო მრავლად გვხვდება შედარებით მსუბუქი ატომები და მოლეკულები, მძიმეები კი დედამიწის ზედაპირთან ახლოს რჩება".
ატმოსფეროში რაც ზემოთ ავდივართ, წნევა სწრაფად ეცემა. მართალია, კომერციულ თვითმფრინავებს ჰერმეტიზებული კაბინები აქვს, თუმცა სიმაღლის სწრაფ ცვლილებას მაინც შეუძლია, დააზიანოს ევსტაქის წვრილი მილები, რომლებიც ყურებს ცხვირთან და ხახასთან აკავშირებს.
"სწორედ ამიტომ გვიგუბდება ყურები თვითმფრინავის აფრენისას", — განაცხადა მეთიუ იგელმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის ატმოსფერული მეცნიერების პროფესორმა.
სიმაღლის მატებასთან ერთად ჰაერი ძალიან მეჩხერი ხდება და ტრადიციული საფრენი აპარატები ფრენას საერთოდ ვეღარ ახერხებს. მიიჩნევა, რომ სწორედ აქ მთავრდება დედამიწის ატმოსფერო და იწყება კოსმოსი. კერძოდ, ამას კარმანის ხაზი ჰქვია თეოდორ ფონ კარმანის, უნგრელ-ამერიკელი ფიზიკოსის პატივსაცემად. მან 1957 წელს პირველმა სცადა, დედამიწასა და კოსმოსს შორის საზღვარი დაეწესებინა.
"კარმანის ხაზი მიახლოებითი რეგიონია, რომელიც განსაზღვრავს სიმაღლეს, რომლის ზემოთაც სატელიტები დაწვის ან გზიდან გადახვევის გარეშე შეძლებს დედამიწისათვის გარს შემოვლას", — თქვა ბოსერტმა.
"როგორც წესი, იგი დედამიწიდან 100 კილომეტრზეა განსაზღვრული. შესაძლებელია, კარმანის ხაზის ქვემოთ სიმაღლეზე დედამიწას რაიმემ დაარტყას წრე, თუმცა ამისათვის უაღრესად დიდი ორბიტული სიჩქარეა საჭირო, რომლის შენარჩუნებაც ხახუნის გამო რთული იქნება", — დაამატა იგელმა — "კარმანის ხაზი წარმოსახვითი, თუმცა პრაქტიკული, საზღვარია საჰაერო და კოსმოსურ მოგზაურობებს შორის".
უამრავი ფაქტორზე, მათ შორის, სატელიტის ზომასა და ფორმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს იგი, წარმატებით შემოუაროს დედამიწას. როგორც წესი, სატელიტები, რომლებიც დედამიწიდან 160-1000 კილომეტრზე დაბლაა, რამდენიმე წელში ორბიტიდან გადადის, რადგან დედამიწის ატმოსფერო ორბიტულ სიჩქარეს თანდათან შეამცირებს.
მიუხედავად ამისა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დედამიწის ატმოსფერო ათასი კილომეტრის იქით შეუმჩნეველია.
"ატმოსფერო ასე უბრალოდ არ ქრება, როცა სატელიტების სამყოფელს მიაღწევთ", — თქვა ბოსერტმა — "დედამიწის ატმოსფეროს კვალი ათასობით კილომეტრის იქით იკარგება. ატმოსფეროს ყველაზე გარე ატომები, წყალბადატომები, რომლებიც დედამიწის წყალბადურ გვირგვინს (ატმოსფეროს უშორესი რეგიონი) ქმნის, შეიძლება, მთვარემდეც კი მიდიოდეს".
მაშ, თუკი ვინმე კარმანის ხაზს შეეხებოდა, შენიშნავდა თუ არა რამეს? მიხვდებოდა, რომ დედამიწასა და კოსმოსს შორის არსებულ საზღვარს ეხებოდა? პასუხია არა, ნამდვილად არა.
"ხაზი ფიზიკური არაა და არც სისქე გააჩნია, შესაბამისად, მის გადაკვეთას ვერავინ შენიშნავდა", — თქვა იგელმა.
მოხერხდებოდა თუ არა, თუნდაც სულ ცოტა ხნით, ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე კარმანის ხაზზე გადარჩენა? თუკი იქამდე მივაღწევდით, შევძლებდით თუ არა სუნთქვას ესოდენ დიდ სიმაღლეზე?
"პრინციპში, კარმანის ხაზამდე აფრენა მაინც შესაძლებელია", — თქვა იგელმა — "პრაქტიკაში, მიუხედავად ამისა, ცხოველები "არმსტრონგის ლიმიტზე", დედამიწიდან დაახლოებით 20 კილომეტრზე, მეტ სიმაღლეზე ვერ ძლებენ, რადგან აქ წნევა იმდენად დაბალია, რომ ფილტვებში არსებული სითხე დუღდება".
კომენტარები