ახალი ტექნოლოგია ვირტუალურ რეალობაში კოცნის სიმულირების შესაძლებლობას იძლევა
აშშ-ში მდებარე კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთკავშირის შემსწავლელ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ შეიძლება ვირტუალურ რეალობაში ტუჩებზე, ენასა და კბილებზე შეხების სიმულირება.
სპეციალისტებმა, რომლებიც მომავლის ინტერფეისების ჯგუფში (FIG) ერთიანდებიან, ვირტუალური რეალობის სათვალე შეიძინეს და მას აკუსტიკური ენერგიის გამომყოფი მოწყობილობა დაუმატეს. იქიდან წამოსული ტალღები პირისკენაა მიმართული და სხვადასხვა შეგრძნებას იწვევს, მაგალითად, კბილის ჯაგრისის გამოყენების, სიგარეტის მოწევის, ცხელი ყავის დალევის და სხვა.
ამის ამსახველი კადრები მათ YouTube-ზე გაავრცელეს, ხელმისაწვდომია ოფიციალური ანგარიშიც, რომელშიც ინოვაციური ტექნოლოგიის დეტალებია ახსნილი.
რაც ყველაზე საინტერესოა, ასეთი ინოვაცია კოცნის სიმულირების საშუალებასაც იძლევა. ეს იმას ნიშნავს, რომ დეველოპერებს პოტენციურად შეუძლიათ, რომ მარტივად ხელმისაწვდომი და სათანადოდ მოდიფიცირებული VR სათვალეების გამოყენებით მომხმარებლებს ციფრულ სამყაროში კოცნის რეალური შეგრძნება განაცდევინონ.
ადამიანები, რომლებმაც მოწყობილობა თავიანთ თავზე გამოცადეს, ამბობენ, რომ ხელოვნური სტიმულაციები მართლაც ნამდვილს ჰგავდა. ახალი მიგნება ვირტუალურ რეალობაში ცოცხალი გამოცდილებების გადატანასთან კიდევ ერთი ნაბიჯით გვაახლოებს.
კომენტარები