ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) ახლახან MArs Express-ის მიერ მარსის ზედაპირზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც უცნაური თხრილებია ასახული. აღწერაში ისინი ფრჩხილით გაკეთებულ ნაკაწრებს შეადარეს, "თითქოს ვიღაცამ წითელ პლანეტას ფრჩხილები გაუსვა და გრძელი არხები გათხარა".

მიუხედავად ამისა, იგი მონსტრის ქმნილება ნამდვილად არ აღმოჩენილა — პრესრელიზში ESA-მ ამის სამეცნიერო ახსნაც შემოგვთავაზა და მოგვიგო, რომ რეგიონი, სახელად Tantalus Fossae, მაშინ შეიქმნა, როდესაც მომიჯნავე ვულკანმა სიმაღლეში მოიმატა. ადგილს სახელი ზევსის ვაჟის, ტანტალუსის, მიხედვით შეარქვეს, რომელმაც ღმერთებს უღალატა და ქვესკნელის სამეფოში მოუწია სასჯელის მოხდა.

"თითოეული თხრილი ორი პარალელური ნასხლეტის გახსნის შედეგად გაჩნდა, როდესაც მათ შორის მდებარე ქვა ჩავარდა და მსგავსი ღრმული წარმოშვა", — განაცხადა ESA-ს წარმომადგენელმა.

ESA Mars Express მარსს გარს 2003 წლიდან უვლის, მის შესახებ კი ამ დროის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მოიპოვა. სავარაუდოდ, NASA-ს Artemis მისიების ფარგლებში მსგავს ტოპოგრაფიულ ელემენტებზე მეტ ინფორმაციას მივიღებთ. აღსანიშნავია, რომ სწორედ სააგენტოს ამ მისიების ფარგლებში ვიხილავთ კოსმოსში პირველ ქალსა და პირველ შავკანიანსაც.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.