რუსულმა საჭადრაკო რობოტმა ტურნირის დროს ბავშვს თითი მოატეხა
საჭადრაკო რობოტმა, რომელიც ერთდროულად სამ მოწინააღმდეგეს ეთამაშებოდა, ტურნირზე 7 წლის ბიჭს თითი მოატეხა. რუსულმა ჟურნალმა BASA-მ შემთხვევის ამსახველი ვიდეო თავის Telegram არხზე გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ბიჭს თითის მოტეხილობა აქვს, თუმცა, სხვა მხრივ კარგადაა. მომხმარებლებმა შემდეგ ვიდეო Twitter-ზე განათავსეს.
Baza-ის მიხედვით, რობოტმა ბავშვს თითი "გაუჭყლიტა". როგორც ვიდეოში ჩანს, რობოტმა თავისი "ხელი" ან ჭადრაკის ფიგურა ბავშვის ხელს დააჭირა, და, თითქოს, დაიბნა.
რუსულმა სამთავრობო გამოცემა TASS-მა განაცხადა, რომ ბავშვს დაზიანებული თითი შეუხვიეს და მან ტურნირის დასრულება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მისმა მშობლებმა, შესაძლოა, სარჩელი შეიტანონ. ამჟამად მოსკოვის ჭადრაკის ფედერაციის ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ ეს შემთხვევითობა იყო.
"რობოტმა ბავშვს თითი მოატეხა, რაც, რა თქმა უნდა, ცუდი შემთხვევაა", — განუცხადა TASS-ს მოსკოვის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, სერგეი ლაზარევმა. "რობოტი ჩვენ დავიქირავეთ. სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მას უკვე წლებია იყენებენ. როგორც ჩანს, ოპერატორებმა მის მოქმედებას ყურადღება არ მიაქციეს. ბავშვმა სვლა გააკეთა, შემდეგ კი, საპასუხო სვლის გასაკეთებლად რობოტისთვის უნდა მიგვეცა დრო, მაგრამ ბიჭმა იჩქარა, რობოტმა კი შემთხვევით დააზიანა იგი. ჩვენ რობოტთან არაფერი გვესაქმება".
სერგეი სმაგინმა, მოსკოვის ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენელმა რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო გამოცემა რია-ნოვოსტის განუცხადა, რომ მას სხვა მსგავსი შემთხვევა არ ახსენდება.
დიდი ალბათობით, რობოტი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მოწინააღმდეგეს ეთამაშებოდა, უბრალოდ დაიბნა, ან ცუდ დროს გადაწყვიტა სვლის განხორციელება, რაც ბავშვის დაზიანებით დასრულდა.
კომენტარები