დღეს — 22 აპრილს დედამიწის დღეა. ეს კამპანია მოგვიწოდებს მოვუაროთ ჩვენს პლანეტას. წლევანდელი მიზანია კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა და ასეთი აქტივობები ყველას: მთავრობებს, მოქალაქეებსა და ბიზნესებს თავიანთი როლის შესრულებისკენ მოუწოდებენ.

მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, მსვლელობებსა და დიდ დასუფთავებაში, რათა ხაზი გაესვას გარემოს დაცვის უდიდეს მნიშვნელობას და აქტუალურობას.

მას შემდეგ, რაც 1970 წელს პირველი დედამიწის დღე აღინიშნა, CO2-ის ემისია გაიზარდა დაახლოებით 90 პროცენტით. სწორედ ამიტომ, ახლა დედამიწას ჩვენი მოფრთხილება ისე სჭირდება როგორც არასდროს.

დღეს არსებობს უამრავი გზა რათა ვიმოქმედოთ პლანეტის დაბინძურების წინააღმდეგ და ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ მასში. სტატიაში 5 ასეთ მოქმედებაზე მოგიყვებით.

ასევე: შემდეგი პოდკასტი: გლობალური დათბობა — როგორ იცვლება კლიმატი

მხარი დაუჭირე მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას

დედამიწის დღის 2022 წლის თემის შესაბამისად, კლიმატის ცვლილების, სოფლის მეურნეობის, საკვების და პროდუქტების წარმოების ფინანსური ასპექტების მნიშვნელობა დიდია. კარგი იქნება თუ ამ მხრივ თვალყურს მიადევნებთ თუ სად მიდის და რამდენად ხმარდება თქვენი გადასახადები შესაბამის აქტივობებს.

ინდივიდებს არ შეუძლიათ შეცვალონ მთელი ეკონომიკა, მაგრამ მათ აქვთ მარტივი და მძლავრი უნარი, გამოხატონ თავიანთი აზრი არჩევანის საშუალებით. Gen Z (თაობა Z) ამ მხრივ თვალსაჩინო მაგალითია, რადგან ამ თაობის დიდმა ნაწილმა შეწყვიტა გარკვეული ბრენდების შეძენა ეთიკური ან მდგრადობის პრობლემების გამო. შეგნებული მომხმარებლები ფლობენ ძალას, რომ ბიზნესს აიძულონ ორიენტირებული იყოს სუფთა წარმოებაზე, დაბალი ნახშირბადის მასალების გამოყენებასა და ენერგოეფექტურობაზე.

მიიღე მონაწილეობა ადგილობრივ ღონისძიებებში

უამრავი აქტივობა ტარდება მთელ მსოფლიოში, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ განათლება და ჩაერთოთ მათში.

დასუფთავება, ფესტივალები, კონსერვაციის ღონისძიებები, სწავლება, ფილმების ჩვენება და ვებინარები ხელმისაწვდომია თითქმის ყველგან. თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ ინფორმაცია მრავალი მსგავსი ღონისძიების შესახებ EarthDay.org-ის მონაცემთა ბაზაში.

ამ მხრივ შესაძლებლობები უსაზღვროა.

იმოქმედე მწვანედ

საკვები, დასუფთავება, მოდა და ფინანსები, ამ ფაქტორების გათვალისწინებით შეგიძლიათ პლანეტაზე იზრუნოთ.

თქვენ შეგიძლიათ შეეცადოთ გადაამუშაოთ რაც შეიძლება მეტი და ერთჯერადი პროდუქტი ნაკლებად მოიხმაროთ. გახსოვდეთ, რომ ნახმარი ან მეორადი ნივთების შეკეთება ერთ-ერთი მარტივი გზაა პლანეტის მოფრთხილების მხრივ.

შეეცადეთ თავიდან აიცილოთ სწრაფ მოდაზე აყოლა. ნუ აჰყვებით ისეთ ბრენდებს, რომლებიც დედამიწის რესურსებს არ უფრთხილდებიან და სარგებელს მხოლოდ ჭარბ მოხმარებაში ეძებენ.

ასევე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ როგორ შეგიძლიათ შეამციროთ ენერგიის მოხმარება. შეგიძლიათ გამორთოთ განათება, როდესაც არ იყენებთ, არასოდეს დატოვოთ ელექტრონული მოწყობილობები ლოდინის რეჟიმში და შეცვალოთ თქვენი ნათურები ენერგოეფექტური LED ტექნიკით.

რაც შეეხება იმას, თუ რას შეჭამთ, ცხოველური პროდუქტების ნაკლებად მოხმარება გადამწყვეტია. ხორცის მრეწველობას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა გარემოზე, კლიმატის ცვლილებებზე, ლანდშაფტებისა და წყლის დაბინძურებაზე.

ასევე: შემდეგი პოდკასტი: ლაბორატორიული ხორცი — როგორია საკვების მომავალი

დაფიქრდით შემდეგზე: კვლევის მიხედვით, თუ აშშ-ში თითოეულმა ადამიანმა ხორცის მიღება 25 პროცენტით შეამცირა, სათბურის გაზების წლიური გამონაბოლქვი 1 პროცენტზე ოდნავ მეტით შემცირდება. თუ ყველა ვეგეტარიანელი გახდება, დანაზოგი იქნება დაახლოებით 5 პროცენტი!

რაც შეეხება ტრანსპორტს, კერძო ავტომობილის გამოყენების მაგივრად ავტობუსით, მეტროთი ან მატარებლით მგზავრობა ერთ-ერთი საუკეთესო რამაა, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ გარემოსთვის.

ისეირნე

დედამიწის დღე ემსახურება იმის შეხსენებას, თუ რამდენად ლამაზი და ბრწყინვალეა ჩვენი პლანეტა. შეგიძლიათ ისარგებლოთ ამით. გაატარეთ დღე გარეთ, დაათვალიერეთ გარემო ან უბრალოდ დატკბებით სუფთა ჰაერით. დარგეთ ხე და აქციეთ იგი ყოველწლიურ ტრადიციად. დააკვირდით მცენარეებს — გაოცდით მათი ცოცხალი ფერებით, დელიკატურად ნაქსოვი ძარღვებით და თქვენ მათ აუცილებლად დააფასებთ.

თუ ცხოვრობთ დიდ ქალაქში, სადაც ირგვლივ ძალიან ბევრი ხალხია, მოძებნეთ მწვანე ადგილი და გაეცანით თქვენს მხარეში მცხოვრებ მცენარეებსა და ცხოველებს.

ისიამოვნეთ ცისფერი ცით და გამოიჩინეთ სიყვარული იმ მშვენიერი ადგილის მიმართ, რომელსაც ჩვენ ყველანი სახლს ვუწოდებთ.

ასე გააგრძელე

შეიძლება თქვენ ცდილობთ მოუფრთხილდეთ გარემოს. დედამიწის დღეზეც კი გსმენოდათ ამ სტატიამდე, მაგრამ მთავარია არ გაჩერდეთ! ასე გააგრძელეთ და მსგავს თემებზე მარტო დედამიწის დღის გარშემო ნუ იფიქრებთ.

კლიმატის კრიზისი არის კოლოსალურად კომპლექსური და ჩახლართული მოვლენა, რის გასააზრებლად და დასაძლევად მთელი ჩვენი ინტელექტი და გონიერება დაგვჭირდება. ამისთვის წელიწადში რამდენიმე დღე საკმარისი არაა.

თუ ჩვენ შევძლებთ ერთობლივად ვიმუშაოთ, რათა შევამციროთ დამოკიდებულება წიაღისეულ საწვავზე და შევაჩეროთ ბუნების განადგურება, მხოლოდ მაშინ გვექნება ჭეშმარიტად რაიმე აღსანიშნავი მომავალში.