ოქსფორდის მეცნიერი: ირმის ნახტომის მასშტაბით შეტყობინების გაგზავნა უცხოპლანეტელთა შემოჭრას გამოიწვევს
NASA-ს მკვლევრებს სურთ, დაამყარონ პირველი კონტაქტი არამიწიერ ცივილიზაციებთან, რა თქმა უნდა, თუკი არსებობს ასეთი ცივილიზაციები.
ეს პირველი მცდელობა არ არის, უცხოპლანეტელებს შეტყობინებებს 1974 წლიდან ვუგზავნით, თუმცა პასუხი არასდროს მიგვიღია. გასულ თვეში კი NASA-ს მკვლევრებმა შექმნეს ახალი გზავნილი უცხო ცივილიზაციებისთვის. შეტყობინება, სახელწოდებით Beacon in the Galaxy (BITG), რომელიც სხვა ინფორმაციასთან ერთად მოიცავს ორი ადამიანის გრაფიკას, ანატომიურ ცნობებს და დნმ-ს.
"განახლებული, ორობითი კოდირებული შეტყობინება შემუშავდა ირმის ნახტომის გალაქტიკაში არამიწიერი ინტელექტისთვის გასაგზავნად. შეტყობინება მოიცავს ძირითად მათემატიკისა და ფიზიკის ცნებებს კომუნიკაციის უნივერსალური საშუალების დასამკვიდრებლად", — აღნიშნა კვლევის ავტორმა, ჯონათან ჯიანმა.
თუმცა, ამ ინიციატივას სამეცნიერო წრეებში ყველა როდი მიესალმება. გალაქტიკაში ჩქვენი ადგილმდებარეობის გათქმა და შესაძლო სხვა ცივილიზაციისთვის გადაცემა ზოგი ექსპერტისთვის ექსტრემალურ რისკს შეიცავს.
მაგალითად, ანდერს სენდბერგმა, ოქსფორდის კაცობრიობის მომავლის ინსტიტუტის (FHI) უფროსმა მკვლევარმა, ბრიტანულ გაზეთ The Telegraph-ს განუცხადა, რომ შეტყობინების გაგზავნას "ისეთი დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს, რომ რეალურად, ამის ძალიან სერიოზულად მიღება გვმართებს" და ამან შეიძლება დედამიწაზე უცხოპლანეტელთა შემოჭრა გამოიწვიოს.
სენდბერგმა ასეთი გზავნილი შეადარა "საფოსტო ბარათს, რომელსაც აწერია "Wish you were here". სწორედ ამიტომ, სენდბერგი და მისი კოლეგები ითხოვენ საჯარო დისკუსიას მანამ, სანამ ჩვენს ადგილმდებარეობას რომელიმე არამიწიერი ცივილიზაციისთვის ხელმისაწვდომს ჩვენივე ნებით გავხდით.
"საფრთხეები მცირეა, მაგრამ ძნელად გასაგები და მათი მართვა ჯერ არც ისე კარგად შეგვიძლია", — წერს სენდბერგის კოლეგა, ტობი ორდი თავის 2020 წლის წიგნში, სახელად The Precipice.
"მთავარი აქტუალური კითხვა მშვიდობიანი და მტრული ცივილიზაციების თანაფარდობას უკავშირდება", — ამბობს ორდი The Telegraph-თან და დასძენს: "ჩვენ არ გვაქვს რამე სახის მტკიცებულება ამ თანაფარდობის შესახებ, არ არსებობს სამეცნიერო კონსენსუსი ამ კუთხით".
"იმის გათვალისწინებით, რომ უარყოფითი მხარე შეიძლება ბევრად დიდი იყოს, ვიდრე დადებითი, ეს ყველაფერი ჩემთვის კარგ სიტუაციად არ ჟღერს, მით უფრო იმისათვის, რომ აქტიური ნაბიჯები გადავდგათ [უცხო ცივილიზაციებთან] კონტაქტისკენ", — ამბობს ორდი.
მაშინ როცა უცხო ცივილიზაციების შესახებ ჯერ კიდევ არაფერი ვიცით, მსგავსი ნაბიჯი, შესაძლოა, მართლაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდეს. თუმცა, შესაძლოა ასეთი ნაბიჯების გარეშე უცხო ცივილიზაციების შესახებ არც არაფერი გავიგოთ. სამეცნიერო წრეებში ამ მხრივ დისკუსიის გამართვა კი ნამდვილად საჭირო რამეა.
კომენტარები