ისტორიაში პირველად, კოსმოსურ სადგურს ექიმი ჰოლოგრამის სახით ეწვია
Star Trek სულ უფრო რეალური ხდება.
როგორც NASA-მ აღნიშნა პრესრელიზში, ჰოლოგრამის სამედიცინო ჯგუფი "ჰოლოპორტირებული" იქნა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. ამით ისინი პირველი ადამიანები გახდნენ, რომლებიც 3D გამოსახულებით კოსმოსში ჰოლოგრამების სახით გაჩნდნენ. ეს ყველაფერი კი Microsoft-ისა და სტარტაპ AEXA Aerospace-ის ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდა.
"ეს არის ადამიანთა კომუნიკაციის სრულიად ახალი ეტაპი და ის უზარმაზარ დისტანციაზე მოხდა", — განაცხადა ნასას ქირურგმა დოქტორ იოზეფ შმიდმა, ჯგუფის ერთ-ერთმა ექიმმა, რომელიც ჰოლოპორტირდა ISS-ში.
ახალი თაობა
სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულები კარგად იცნობენ ჰოლოგრაფიული ექიმების კონცეფციას, იმის გათვალისწინებით, რომ "ვარსკვლავური გზის: ვოიაჟერის" მთავარ როლში გამოსახულია ჰოლოგრამის ექიმის პერსონაჟი, რომელსაც ყველაზე ხშირად უბრალოდ "დოკ"-ს უწოდებენ.
რეალურ ცხოვრებაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კოსმოსურ ხომალდზე მყოფი ადამიანები ჰოლოგრამებთან ურთიერთობენ. თუმცა, NASA ჰოლოგრამის ტექნოლოგიებზე 2016 წლიდან მუშაობს.
Microsoft-ის Hololens Kinect კამერისა და AEXA-ის პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი კომპიუტერის გამოყენებით, დოქტორ შმიდმა და მისმა გუნდმა ისაუბრეს ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ასტრონავტ თომას პესკეტთან. რა თქმა უნდა, შმიდი და მისი კოლეგები კოსმონავტს ჰოლოგრამის სახით "გამოეცხადენ".
ჰოლოგრამის ტექნოლოგიასთან ერთად, AEXA ასევე დაინტერესებულია გაფართოებული რეალობისა და ვირტუალური რეალობის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებით. ეს ნიშნავს, რომ "ჰოლოდეკები", როგორიცაა ეს Star Trek-ში შესაძლოა მალე რეალობად იქცეს.
კომენტარები