9to5Google-ის ცნობით, Google-მა iOS-ისათვის უფასო აპლიკაცია, სახელად Switch To Android, გამოუშვა, რომელიც iPhone-იდან Android-ზე მონაცემების გადატანას გაგიმარტივებთ. Switch To Android უსადენოდ მუშაობს, შესაბამისად, ამისათვის ორი ტელეფონის კაბელით დაკავშირება არ დაგჭირდებათ.

"Google-ის Switch to Android აპლიკაცია დაგეხმარებათ, სწრაფად და უსაფრთხოდ, კაბელების გარეშე გადაიტანოთ მნიშვნელოვანი მონაცემები — ფოტოები, ვიდეოები, კონტაქტები და კალენდარში მონიშნული ღონისძიებები — ახალ Android-ში", — ვკითხულობთ App Store-ზე, აპლიკაციის აღწერაში.

აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში ტექსტური შეტყობინებები არ შედის, ამიტომაც, როგორც ჩანს, მათ გადატანას ვერ შეძლებთ. მიუხედავად ამისა, აპლიკაცია დაგეხმარებათ, iMessage გამორთოთ, რათა გამოგზავნილი ტექსტური შეტყობინებები არ გამოგრჩეთ.

9to5Google-ს თუ დავუჯერებთ, აპლიკაცია აღუნუსხავია, შესაბამისად, App Store-ში აიფონიდან მისი მოძებნა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, მის გადმოწერას ამ ბმულიდან მაინც შეძლებთ. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გამოჩნდება აპლიკაცია App Store-ში ოფიციალურად.

უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიურ აპლიკაციას, სახელად "Move to iOS", რომელიც ამ შემთხვევაში მომხმარებლებს Android-იდან iPhone-ზე გადასვლაში დაეხმარება, კომპანია Apple-ი 2015 წლიდან გვთავაზობს.

გაიგე, Android-ის მომხმარებელი უნდა იყო თუ iOS-ის — ტესტი

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.