სიტყვა მიკროპლასტმასა სულ რაღაც 18 წლის წინ გამოჩნდა, თუმცა ახლა ის უკვე ყველგანაა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მსგავსი "მტვერი" ჩვენს სისხლშიცაა შერეული, სხვა კვლევამ კი ცხადყო, რომ წყლის პლასტმასის ბოთლიდან დალევით, წელიწადში დაახლოებით 90 000 ამგვარ ნაწილაკს ვიღებთ.

გამოცემაში Science of the Total Environment ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომში მეცნიერები იტყობინებიან, რომ მიკროპლასტმასას ცოცხალი ადამიანების ფილტვებშიც მიაგნეს. კერძოდ, ამ ორგანოს ქსოვილის 13 ნიმუშიდან 11-ში პლასტმასის 39 ნაწილაკი აღმოაჩინეს, რომელთა ზომაც სულ მცირე 3 მიკრომეტრი იყო.

მათ შორის გახლდათ სხვადასხვა სახის პოლიმერი, როგორიცაა პოლიეთილენი, რომელსაც, მაგალითად, პროდუქტის შესაფუთი მასალა შეიცავს. ასევე, ჩამონათვალშია ფისი (საღებავებიდან, საბურავებიდან) და ნეილონი (ტანსაცმლიდან).

ფოტო: Jenner et al

რაც ყველაზე საგანგაშოა, მათ ფილტვის სიღრმეშიც მიაკვლიეს. წესით, იქ მსგავსი სიდიდის ნაწილაკებს ვერ უნდა ჩაეღწია. საუბარია 2 475 მიკრომეტრამდე სიგრძისა და 88 მიკრომეტრამდე სიგანის მქონე ნაწილაკებზე. შედარებისთვის, ალვეოლური სადინარების დიამეტრი 540 მიკრომეტრია, სიგრძე კი — 1 410.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ მიკროპლასტმასა ფილტვებში სუნთქვის დროს ხვდება. რაც ყველაზე ცუდია, ჯერჯერობით არ ვიცით, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას ადამიანთა ჯანმრთელობაზე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.