აპლიკაცია, რომლითაც შესაძლოა, რუსი ჰაკერები გითვალთვალებდნენ — რა უნდა ვიცოდეთ
კიბერ-ექსპერტთა გუნდმა Lab52 გამოავლინა ანდროიდ აპლიკაცია, რომელსაც ჰაკერები სათვალთვალოდ და პირადი ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებენ. ის შესაძლოა, რუსეთის მიერ იყოს მართული.
სპეციალისტების განცხადებით, პროგრამა სმარტფონებში მიკროფონებს, კამერებსა და ადგილმდებარეობის ჩართვის ფუნქციას აკონტროლებს (GPS-ის მეშვეობით), შემდეგ კი შეგროვებულ მონაცემებს მომხმარებელთა საწინააღმდეგოდ მიმართავს.
ეს აპლიკაცია Process Manager-ის სახელითაა ცნობილი. ჯერჯერობით უცნობია, როგორ ინტეგრირდება ის მომხმარებელთა ტელეფონებში. მას პარამეტრების სიმბოლოს მსგავსი ლოგო აქვს, გააქტიურებისას კი მოწყობილობის შიგთავსსა და ფუნქციებზე წვდომის ნებართვას ითხოვს. თანხმობის შემთხვევაში, ის ფუნქციონირებას იწყებს და შეტყობინებების ველში ჩნდება.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული აპი რუსულ სათვალთვალო ტექნოლოგიას ძალიან ჰგავს, კერძოდ, პროგრამა Turla-ს. ამის მიუხედავად, დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რომ ის ნამდვილად კრემლის ინტერესებს ემსახურება.
მისგან თავის დასაცავად, საჭიროა, აპლიკაციების ნებართვები მუდმივად ვაკონტროლოთ. ამისთვის მოწყობილობის პარამეტრებში უნდა შევიდეთ, ხოლო შემდეგ "აპლიკაციები" ან "აპლიკაციები და შეტყობინებები" ავირჩიოთ, სადაც Process Manager-ს სმარტფონზე წვდომას შევუზღუდავთ.
კომენტარები