ამიერიდან შეგეძლებათ, Snapchat-ზე YouTube ვიდეოები სტიკერების სახით გააზიაროთ — როგორ
Snapchat-ი ამიერიდან Snap-ებსა თუ Story-ებზე YouTube ვიდეოების გაზიარებას გაგიმარტივებთ და საშუალებას მოგცემთ, ეს უკანასკნელი სტიკერის სახით ჩაამატოთ. აქამდე ამისათვის ვიდეოს ბმულის სახით მიმაგრება იყო საჭირო. ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომია როგორც Android-ზე, ასევე iOS-ზე.
ამისათვის უკვე მხოლოდ შემდეგი ინსტრუქციის მიყოლა დაგჭირდებათ: YouTube-ზე სასურველ ვიდეოს ამოარჩევთ, შემდეგ გაზიარების "Share" ღილაკს დააჭერთ, საბოლოოდ კი "Snapchat" ვარიანტს ამოარჩევთ. შედეგად ვიდეო სტიკერის სახით გაჩნდება კამერაში, ზედ კი სახელი, ვიდეოს გარეკანი და მისი შემქმნელის სახელი აისახება.
სურათის ან ვიდეოს გადაღების შემდეგ შეგეძლებათ, სტიკერს ზომა შეუცვალოთ, შეატრიალოთ ანდა ეკრანზე ნებისმიერ ადგილას მოათავსოთ. თქვენი Snap-ის ან Story-ების მნახველები კი ბმულზე დაჭერის შემდგომ ვიდეოს ან YouTube-ის აპლიკაციაში, ან ვებბრაუზერში იხილავენ.
თუკი YouTube ვიდეოს ჩასმა აქამდეც გიცდიათ, მაშინ გემახსოვრებათ, რომ ამისათვის ვიდეოს ბმულის დაკოპირება, შემდეგ კი Snapchat-ის გახსნა და საქაღალდის ხატულადან ბმულის ჩასმა გჭირდებოდათ. ვიდეო ბანერის სახით ჩნდებოდა, სახელთან ერთად კი პატარა გარეკანს ვხედავდით.
მართალია, YouTube ვიდეოების ჩასმა ამ ხერხით კვლავაც შეგიძლიათ, თუმცა სპეციალური სტიკერი ზოგისათვის უფრო სასიამოვნო შესახედია. მისი საშუალებით ვიდეოს გარეკანს უკეთ შეათვალიერებთ და, წინა მეთოდისგან განსხვავებით, ავტორის სახელსაც გაიგებთ. Snapchat-მა მსგავსი სტიკერი 2020 წელს Twitter-ისთვისაც შექმნა და მომხმარებლებს საშუალება მისცა, ტვიტები ფოტოს გადაღების გარეშე გაეზიარებინათ სხვებისთვის.
კომენტარები