ილონ მასკი: 18 თვეში აქტიური სატელიტების 2/3 სწორედ Starlink-ის იქნება
SpaceX-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, მომდევნო თვეებში Starlink-ის ხელოვნური თანამგზავრების რიცხვი გაორმაგდება და სხვა აპარატების რაოდენობას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.
"ველით, რომ 18 თვეში Starlink-ის 4 200-ზე მეტი თანამგზავრი იფუნქციონირებს, რაც დედამიწის ყველა აქტიური სატელიტის 2/3-ია", — აცხადებს მილიარდერი.
ბიზნესმენი ამბობს, რომ წელს მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა Falcon 9-ით, პროექტ Starlink-ის ფარგლებში, 60 მისიის განხორციელება იგეგმება და ჯერჯერობით ყველაფერი მშვენივრად, შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ჩვენი პლანეტის ორბიტაზე მეტი სატელიტის გაშვება კომპანიას საშუალებას მისცემს, რომ ინტერნეტით კიდევ ბევრი მომხმარებელი უზრუნველყოს, ასევე, მისი სისწრაფე და ხარისხი გაზარდოს.
ამ სერვისით ამჟამად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 250 000 ადამიანი სარგებლობს, Starlink-ის ინტერნეტის ჩამოტვირთვის სიჩქარე კი აშშ-ში წამში დაახლოებით 100 მეგაბიტია. SpaceX-სს მარეგულირებელი ორგანოსგან 12 000 აპარატის გაშვების ნებართვა აქვს, კიდევ 30 000-ზე კი ჯერჯერობით დასტურს ელოდება.
კომენტარები