მზეზე უმძლავრესი ამოფრქვევა მოხდა — დედამიწაზე გეომაგნიტური შტორმებია მოსალოდნელი
სპეციალისტები იტყობინებიან, რომ მზის ლაქიდან, ოფიციალური სახელწოდებით AR2975, უმძლავრესი ამოფრქვევა მოხდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ვარსკვლავის ეს რეგიონი ბოლო დღეებში განსაკუთრებულად აქტიური იყო, თუმცა 30 მარტს დაფიქსირებული უკანასკნელი შემთხვევა მაინც გამოირჩეოდა.
ეს გახლდათ X1.3-ტიპის ამოფრქვევა, რომელმაც ამერიკის კონტინენტზე რადიოსიგნალების დროებითი შეფერხება უკვე გამოიწვია. 30 მეგაჰერცზე დაბალ სიხშირეზე მის გავლენას მფრინავები, მეზღვაურები და რადიოოპერატორები მარტივად შენიშნავდნენ.
უნდა ითქვას, რომ X-ჯგუფის ამოფრქვევები A, B, C და M კატეგორიებზე ბევრად მძლავრია, ამის მიხედვით იზრდება მის გვერდით მიწერილი ციფრიც. ხშირად, მსგავს მოვლენას კორონული მასის ამოფრქვევაც მოჰყვება, ანუ მზის გვირგვინიდან დამუხტული ნაწილაკების ამოტყორცნა. სწორედ ასე მოხდა ახლაც..
ეს ნაკადი დედამიწამდე 2 აპრილს მოაღწევს და, დიდი ალბათობით, G1-ტიპის გეომაგნიტურ შტორმებს განაპირობებს. მოსალოდნელია პოლარული ნათებაც.
ამოფრქვევა NASA-ს კუთვნილი მზის დინამიკის ობსერვატორიიდან, თბილისის დროით 21:35 საათზე გადაიღეს. კოსმოსური სააგენტოები ჩვენს ვარსკვლავს მუდმივად აკვირდებიან. მნათობი 2019 წელს აქტიურობის ახალ ფაზაში შევიდა, რომელიც პიკს 2025 წლისთვის მიაღწევს, შესაბამისად, ამ პერიოდში მრავალ ასეთ მოვლენას ვიხილავთ.
კომენტარები