მეცნიერებმა კაცებისთვის ჩასახვის საწინააღმდეგო აბები შექმნეს — მათ მალე ადამიანებზეც გამოცდიან
Gizmodo-ს უწყებით, მინესოტას უნივერსიტეტის მკვლევრებმა ნაერთი GPHR-529 შექმნეს, რომელიც კაცებისათვის არაჰორმონული კონტრაცეპტივი იქნება.
ჩატარებული ცდების ფარგლებში მან თაგვები 6 კვირის განმავლობაში 99%-იანი ეფექტიანობით აქცია უნაყოფოდ. გუნდი იმედოვნებს, რომ აბის ადამიანებზე გამოცდა 2022 წლის ბოლოს დაიწყება.
მართალია, კაცებისთვის განკუთვნილი კონტრაცეფციული საშუალებები ადამიანებზე აქამდეც გამოუცდიათ, თუმცა ისინი უნაყოფობას ძირითადად ჰორმონებზე ზემოქმედებით იწვევდა. ამ დროს მედიკამენტი ტესტოსტერონის გამოყოფას ამცირებს, რასაც შეიძლება, ლიბიდოს დაქვეითება და სისხლში ქოლესტერინის მოჭარბება მოჰყვეს.
გუნდის მიერ შექმნილი აბები ჰორმონული არ არის, ამიტომაც სასურველი ეფექტის მიღწევა კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებისა და ამისაგან გამოწვეული უკუჩვენებების გარეშეც შესაძლებელია.
"ფეხმძიმობისაგან გამოწვეული დისკომფორტის განცდა კაცებს არ უწევთ, ამიტომაც მათ კონტრაცეფციის გვერდითი ეფექტების ატანა შედარებით უჭირთ", — განაცხადა აბდულა ალ ნომანმა, კვლევის თანაავტორმა, Gizmodo-სთან საუბრისას — "სწორედ ამიტომ, ვცდილობთ არაჰორმონული კონტრაცეფციული აბები შევქმნათ, რათა ჰორმონული გვერდითი ეფექტები ავიცილოთ თავიდან".
გუნდმა განაცხადა ისიც, რომ თაგვები GPHR-529-ის მიღების შეწყვიტიდან 4-6 კვირის შემდეგ სტერილურები აღარ იყვნენ. შესაბამისად, ამ კონტრაცეპტივის მოქმედება, სავარაუდოდ, კაცების შემთხვევაშიც დროებითი იქნება.
მართალია, ცხოველებზე ჩატარებული კვლევების ფარგლებში იგი ეფექტურია, თუმცა ჯერ კიდევ დიდი დროა, სანამ კაცებისთვის განკუთვნილი ჩასახვის საწინააღმდეგო აბები კომერციულად ხელმისაწვდომი გახდება. ამასობაში ისღა დაგვრჩენია, ვიმედოვნოთ, რომ კლინიკურ ცდებში GPHR-529-ის წარმატება შედარებით კომფორტულ კონტრაცეპტივს მოგვიტანს, რომელიც, ერთ-ერთი წინამორბედისგან განსხვავებით, სათესლე ჯირკვლების გახურებით მაინც არ მოქმედებს.
კომენტარები