NASA-ს კოსმოსური აპარატის ობიექტივში გიგანტური იუპიტერი 2 თანამგზავრთან ერთად მოხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კუთვნილმა აპარატმა Juno-მ მზის სისტემის აირის გიგანტად წოდებული იუპიტერი ბუნებრივ თანამგზავრებთან, ევროპასთან და იოსთან ერთად გადაიღო.
ხომალდზე დამონტაჟებულმა კამერამ ეს ობიექტები 12 იანვარს, იუპიტერთან რიგით 39-ე ჩავლისას დააფიქსირა, როცა პლანეტის ღრუბლებიდან დაახლოებით 61 000 კილომეტრის მოშორებით იმყოფებოდა. თავად NASA-მ შთამბეჭდავი სურათი 16 მარტს გამოაქვეყნა. მასზე ჩვენი მეზობელი უდიდესი ციური სხეულის სამხრეთ ნახევარსფეროა აღბეჭდილი, კოსმოსის სიბნელეში კი მას გვერდს 2 თანამგზავრი უმშვენებს. იო მარცხნივ მოჩანს, ხოლო ევროპა — მარჯვნივ.
იო მზის სისტემაში არსებული ყველაზე ვულკანური ობიექტი გახლავთ, რომლის ზედაპირიც ასობით ვულკანითაა დაფარული. მათი ნაწილი ზოგჯერ გოგირდის ჭავლებს ტყორცნის, რომლებიც მრავალ მეტრ სიმაღლეზე აღწევს. რაც შეეხება ევროპას, ის იუპიტერის გალილეისეული თანამგზავრებიდან ზომით ყველას ჩამოუვარდება და ყინულითაა დაფარული. ვარაუდობენ, რომ მის ქვემოთ უზარმაზარი ოკეანეა.
Juno ევროპას რეკორდულ მანძილზე წელს მიუახლოვდება და სხვადასხვა ხელსაწყოს მეშვეობით მის შესახებ დამატებითი მონაცემების მოპოვებას შეეცდება. იოს კი ის 2023 წლის ბოლოსა და 2024 წლის დასაწყისში ეწვევა.
კომენტარები